ყოვლადწმინდა სამების დიაკონი, მამა ელიზბარ დიაკონიძე მამა გაბრიელის საფლავზე მომლოცველთა დიდი რაოდენობის მისვლასა და დედა პარასკევას განცხადებას ეხმაურება. მამა ელიზბარმა „ალიასთან“ საუბრისას აღნიშნული ფაქტი უარყოფითად შეაფას.
„ჩვენი ეკლესია დღეს ძალიან ცუდ დღეშია. მე პირადად განსაზღვრული მაქვს დავაწესო ახალი დღესასწაული, „პარასკეობა“. თურმე, აგერ რომელიმე მონაზონს დაესიზმრება რომელიმე წმინდანი და ამას ძილში გამოცხადებას დაუძახებს. ვგულისხმობ იმ ფაქტს, რაც ამჟამად მამა გაბრიელს აკადრეს. ეს საშინელი „ხუმრობა“. მე ბრჭყალებში ვსვამ ამ სიტყვებს. შენ თუ მამა გაბრიელი წმინდანად მიგაჩნია, როგორ ბილწავ მის სახელსა და ავტორიტეტს? მართლა რომ დაგსიზმრებოდა, როგორ ამბობ ამას ხმამაღლა? თურმე ორი დღე გაიხსნება ცა და ნატვრებს ასრულებს... ვერ გავიგე, კაშპიროვსკია, კაცო? წმინდანია მამა გაბრიელი, წმინდანი! ეს არ არის შებღალვა?
რამდენიმე სულიერ მამასთან ერთად დავესწარი შობის ღამეს, იქ ვნახე, რომ ბერებიც კი შეძრწუნებულები არიან ამ ფაქტით, რომ მამა გაბრიელის და საერთოდ, ქართული ეკლესიის პატივი შეიბღალა. ერთ-ერთმა მამაომ მითხრა, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ეკლესია აღარ არსებობსო. დამირეკა მრევლმა და მითხრა, მამაო წავიდეო? ვუპასუხე, ეტყობა პარასკევას ფული შემოაკლდა და გაყიდა სიწმინდე! ეს არ არის ინდულგენცია რაც პარასკევამ თუ ხუთშბათამ მოიმოქმედა? ვწუხვარ, რომ საქართველოს ეკლესიას არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია ამ ფაქტზე.
ეს ადამიანი უნდა გამოათრიო იქიდან, ანდა სულაც ჩუმად გამოიყვანო, რადგანაც ის არის სარწმუნოებისა და შენი ოჯახის სიწმინდის მტერი. აი, საბოლოოდ, რა მოიტანა დაუსჯელობამ, რომ უკვე ზეცასაც შევწვდეთ“, - აცხადებს „ალიასთან“ საუბრისას მამა ელიზბარ დიაკონიძე.
მასალის გამოყენების პირობები






