სიგარეტზე დამოკიდებულებისგან თავის გათვისუფლება ადვილი არაა – სულ ცოტა, ძნელი, დამღლელი და სტრესული საქმეა. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი ანებებს თავს სიგარეტის მოწევას და როდესაც რამდენიმე თვე გავა დანებების შემდეგ, მიხვდებით, რომ არამწეველობა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე იყო მწეველი. აღარ მოგიწევთ ფულის ტყუილ უბრალოდ დახარჯვა, გამუდმებით ასანთის ან სანთებელის ძებნა, აღარ მოგიწევთ მოსაწევად შენობიდან გარეთ გასვლა და რაც ყველაზე მთავარია, თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებიც ნაკლებად შეგაწუხებთ. დადგენილია, რომ მოწევის შეწყვეტა გულის შეტევისა და მისი დაავადებების რისკებს 47%-ით ამცირებს.
შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ სიგარეტის გადაგდებაში. ეს მეთოდები საუკეთესო გეგმაა თქვენი ჯანსაღი ცხოვრების სტილის უკან დასაბრუნებლად.
1. დანიშნეთ დაწყების თარიღი და მეთოდი. სანამ დაწყების თარიღი დადგებოდეს, წინა ღამით მოამზადეთ თავი შემდეგი რიტუალებისთვის: მოიშორეთ სახლიდან ყველა დარჩენილი სიგარეტი – არ მოწიოთ! გაანადგურეთ ისინი! დაჭერით მაკრატლით, დატეხეთ და ჩაყარეთ ტუალეტში. მათი მთლიანად განადგურება ფსიქოლოგიურად შეგამზადებთ. არანაირად არ მოწიოთ კოლოფში დარჩენილი სიგარეტი, გაანადგურეთ ისინი და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ მათზე თავის დანებება.
2. გამოიყენეთ ნიკოტინის შემცვლელები – ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინი ან სხვა. ეს დაგეხმარებათ პირველი რამოდენიმე დღე თავი ნაკლებად აღელვებულად და ნერვებაშლილად იგრძნოთ.
3. სცადეთ ჰიპნოზი. არსებობს, სპეციალური ვიდეო ჰიპნოზები, რომლებიც მრავლადაა ინტერნეტ სივრცეში და დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.
4. გაესაუბრეთ პირად ექიმს. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მოწევის შესაწყვეტად.
5. დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი. შეაგროვეთ იმ თანხის რაოდენობა, რასაც ყოველდღიურად სიგარეტში იხდიდით. 1 წლის შემდეგ, ნახავთ რომ ამ თანხის რაოდენობით საკუთარ თავს კარგ საჩუქარს გაუკეთბთ.
6. მოწევის შეწყვეტისას არ უთხრათ საკუთარ თავს, რომ სამუდამოდ წყვეტთ მოწევას. შთააგონეთ თავი, რომ ჯერ მხოლოდ 3 დღე არ მოწიოთ, სანამ ნიკოტინი თქვენ ორგანიზმს დატოვებდეს. სამი დღის შემდეგ, უთხარით თავს, რომ კიდევ ერთი კვირაც მოიცადოთ და ასე შემდეგ. ყოველდღიურად ამგვარი თავის მოტყუებით, ეს ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.
7. გამოიყენეთ ჟენშენის ფესვები. დაღეჭეთ ის ყოველთვის, როცა სიგარეტის მოწევა მოგინდებათ. ცნობილია, რომ ის ასუსტებს ძლიერ სურვილებს და ზრდის ენერგიას.
თუ პირველ ჯერზე, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გსურთ, არ გატყდეთ და სცადეთ ახლიდან. გისურვებთ წარმატებებს.
მასალის გამოყენების პირობები






