სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა სასჯელაღსრულების #15 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორ-კონტროლიორი გოჩა ბაშარული მოინახულეს, რომელიც სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის დაწყებული დაპირისპირებისას დაიჭრა.
2014 წლის 7 იანვარს, მსჯავრდებულთა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ საკანში მსჯავრდებულ ზ.ჟ-სა და გ.ს-ს შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე წუთში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების მომენტში ზ.ჟ-მ დღის განათების ნათურა მოხსნა და შეეცადა სხეულის დაზიანება მიეყენებინა მსჯავრდებულ გ.ს-სთვის. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საკანში შევიდა ინსპექტორ-კონტროლიორი გოჩა ბაშარული, რომელმაც გაანეიტრალა ზ.ჟ. და დაჭრის საფრთხე აარიდა მსჯავრდებულ გ.ს-ს. სწორედ ამ მომენტში, ინსპექტორ-კონტროლიორი ზ.ჟ-სგან მოქნეული ნათურით დაიჭრა. დაზარალებული მყესების მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მიკროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. გოჩა ბაშარულის მდგომარეობა ამჯამად სტაბილურია.
გოჩა ბაშარული სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან, კერძოდ ახალგორიდან დევნილია. ის პენიტენციურ სისტემის ერთ-ერთი კვალიფიციური თანამშრომელია.
მინისტრმა სოზარ სუბარმა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის გოჩა ბაშარული მედლით დააჯილდოვა და გამოჯანმრთელება უსურვა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება უკვე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






