საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მრავალშვილიანობის მადლზე გაამახვილა ყურადღება. როგორც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული, მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა.
"მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა. რომელი წარმავალი სიმდიდრე შეედრება დედმამიშვილების გვერდზე დგომასა და სიყვარულს, რაც ასე სჭირდება ადამიანს ჩვენს მეტად რთულ დროში. თვითონ მშობლებიც უდიდეს ენერგიას იღებენ მათგან, რადგან თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა.
მრავალშვილიანობა იმითაც არის ფრიად სასურველი, რომ ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს ეგოიზმის დაძლევას, სხვაზე მზრუნველობას და მშობლებისგან მომდინარე სიყვარულის სხვისთვის განაწილებას.
ვისაც სამი და მეტი ბავშვი ჰყავს, კარგად იცის, ხშირად როგორ უჭირს პირველ შვილს ახლად დაბადებულ მეორე ჩვილთან შეგუება და სულ ეძებს დროს, რაიმეთი ავნოს მას; მესამე პატარის შემატებას პირველი უფრო ადვილად იტანს, მეორე კი უფრო მეტად განიცდის, მაგრამ ისე არა, როგორც პირველ შვილს უმძიმდა თავიდან, მეოთხე ბავშვის დაბადება უკვე აწონასწორებს ყველაფერს და ა.შ.
ანუ შვილთა სიმრავლე მათი სწორად აღზრდის ერთ-ერთი გარანტიაა, რადგან ასეთ გარემოში მე-ზე ორიენტირებული სულისკვეთება სიყვარულის გამრავლებითა და გაცემით იცვლება და თუ ამას სწორი აღზრდაც დაემატა, მივიღებთ იმ მდგომარეობას, რაზეც ბიბლია ბრძანებს: ქალი შვილთა სიმრავლით ცხონდებაო (I ტიმ. 2,15).
ამ საქმეში მთავარი როლი და პასუხისმგებლობა დედას ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ხშირად ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებულნი, როდესაც დედები ხდებიან, მათში სხვა გრძნობები იღვიძებს სხვა აზროვნება უყალიბდებათ, რადგან სწორედ ისინი ხდებიან სიყვარულით მსახურების მთავარი მომქმედნი და ეს იწვევს სწორედ შინაგან ფერიცვალებას", - ნათქვამია ეპისტოლეში.
მასალის გამოყენების პირობები






