მათთვის თავშესაფრის გამოძებნას საშველი არა და არ დაადგა. ერთ-ერთი მათგანი ეკომიგრანტი თინა მუკბანიანია, რომელიც უკვე წლებია, სოციალურ საცხოვრისს უშედეგოდ ითხოვს.
"1987 წელს სვანეთში, ლენტეხის რაიონში, სახლ-კარი დაგვენგრა. მას შემდეგ, ნაქირავებში ვცხოვრობთ. არაფერი გაგვაჩნია. სად არ დავწერე განცხადება, დახმარების სათხოვნელად ვის არ მივმართე, მაგრამ არავინ დაგვეხმარა. პირიქით, რძალმა მუშაობა დაიწყო, ხელფასი 250 ლარი აქვს და სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს. 6 სულიან ოჯახს საარსებოდ 250 ლარი ეყოფა? ჩემი შვილი ტრავმირებულია, მარჯვენა მხარე უფუნქციო აქვს. მეუღლეც შრომისუუნაროა, 5 ნეკნი აქვს გატეხილი. გავასაჩივრე და დახმარება აღმიდგინეს, მაგრამ, რადგან რძალი მუშაობდა, ქულები 33 000-დან 53 000-ზე აიყვანეს. გაჭირვებასა და სიდუხჭირეს ჩემი რძლისა და შვილის სიცოცხლე შეეწირა. ექიმებმა საავადმყოფოში 23 წლის რძალი მომიკლეს. გლანდები დაუჩირქდა, კრუნჩხვა ემართებოდა. ტუბდისპანსერში მისი გადაყვანა მოძღვარმა გვირჩია, – ძლიერი ექიმები არიანო. იქ იწვა. გამოწერის დღეს წვეთოვანი გადაუსხეს. წვეთოვანმა თრომბი გამოიწვია და იქვე დაიღუპა. წელიწადნახევარში, ნერვიულობისგან, ტუბერკულოზით ჩემი 26 წლის შვილიც დაიღუპა. ტუბერკულოზიც გაჭირვების გამო დაემართა. შვილმკვდარ დედას სახლის პატრონმა უარი მითხრა და მკვდარი შვილი სახლში არ დამასვენებინა. სახელმწიფომ მხოლოდ კუბო მიყიდა.
ვთხოვ მთავრობას, კომისია გამომიყოს და შემამოწმოს. თუ არ მეკუთვნის მთავრობისგან სახლი, სამარე მაინც გამოიმეტოს, რომ მიწაში დავისვენო…
- ახალ ხელისუფლებას თუ მიმართეთ დასახმარებლად?
- მერიას სოციალურ საცხოვრისს უკვე წლებია ვთხოვ, რომ ვიკითხე, რატომ არ მომცეს ბინა-მეთქი, მითხრეს, ხალხმა გატეხა და შეიჭრაო. ის რა მთავრობაა, თუ არ ეკუთვნის ადამიანს, ბინა გატეხოს, შევიდეს და ის ვერ გამოასახლოს? ეჭვი მაქვს, რომ იმ ხალხმა თანხა გადაიხადა და იმ ბინებში ისე შევიდა. ეს მთავრობა იმაზე არ ფიქრობს, რომ ახალი წელი ღარიბმაც გაითენოს. თვითონ რამდენიმე ათასი აქვთ ხელფასი და ხალხს პური ენატრება. სამწუხაროდ, ჩემნაირი შვილმკვდარი დედები ძალიან გამრავლდა. უხარიათ, რომ გვწიხლავენ…
თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი შიხიაშვილს შევხვდი, მაგრამ არ დამეხმარა. გიგი უგულავა უფრო კარგად შემხვდა, მომეფერა და 300 ლარითაც დამეხმარა. შიხიაშვილი კომისიის გამოყოფასაც დამპირდა, მაგრამ დღემდე ჩემთან არავინ მოსულა. განცხადების პასუხად მწერენ, რომ არაფერი არ შეუძლიათ და არაფერი გააჩნიათ. ასე რომ, ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ამ მთავრობაზე გული მწყდება. სანამ ზურაბ აბაშიძე პარლამენტარი გახდებოდა, პარლამენტის წინ ვნახე. მითხრა, მთვარობაში რომ მოვალ და სკამს გავინაღდებ, მერე დაგეხმარებიო. შემდეგ, ილია მეორის დაბადების დღეზე, საპატრიარქოსთან ვნახე. დანაპირები რომ შევახსენე, როგორც მათხოვარს, 50 თეთრს მიდებდა ჯიბეში. სააკაშვილის ნახვა მინდოდა – არ შეიძლებაო; ივანიშვილის ნახვა მინდოდა – არ შეიძლებაო; ღარიბაშვილის ნახვა მინდა -არ შეიძლებაო. ნეტავ, რა შეიცვალა დღევანდელი და მაშინდელი მთვარობიდან, მარტო სკამები და დიდი ხელფასები?! საპატრიარქოსაც მივმართე დახმარების სათხოვნელად, მაგრამ არავინ დამეხმარა, მითხრეს, არაფერი გაგვაჩნიაო. მხოლოდ 5 ლარი მომცეს ერთხელ და ისიც გამომიწერეს, გეგონება მილიონს მაძლევდნენ.
სახლი ნაქირავები მაქვს, ქირას პენსიით ან სოციალური დახმარებით ვიხდი. მეუღლე შშმ პირია, ნეკნები აქვს გატეხილი. 2010 წელს 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. თირკმელში კენჭიც აქვს. მისთვის სიცივეც კი არ შეიძლება. საბანიც კი არ მაქვს, რამდენიმე პლედი ახურავს, გაყინულია. კაცს საბანიც კი ენატრება…
როცა ვერაფერს მივაღწიე, ქუჩაში სამათხოვროდ დავჯექი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მათხოვრები დამცინოდნენ. ეშინიათ ახალი მათხოვრის გამოჩენის, სხვებს ლანძღავენ და არავის აჩერებენ. მე სასაფლაოზე უნდა დავდიოდე და შვილს ვტიროდე, ამ დროს მთავრობაში მივდივარ სატირლად. შედეგი მაინც არაფერია. ოჯახი უფასო სასადილოდან მოტანილი საკვებით იკვებება. იქაც ისეთი საჭმელია, რომ პირში ვერ ჩაიდებ. გია მამრიკიშვილმა მითხრა, ბინას იმ შემთხვევაში მოგცემდი, სახლში ობოლი და 1-ლი ჯგუფის ინვალიდი რომ გყოლოდაო. ეს რა კანონია?! შშმ შვილი მყავს, ძვლის ოსტეომელიტი აქვს. უდედმამო და ობოლი შვილიშვილი მყავს, მაგრამ ბავშვს რძლის ოჯახი ზრდის, აქ როგორ უნდა გავზარდო ბავშვი? ვინც მყავს, ისინიც მეტანჯებიან. არ მინდა, ის უდედმამო ბავშვიც დავტანჯო".
წყარო: იდენტობა
http://identoba.com/2014/01/06/shelter-5/
მასალის გამოყენების პირობები






