სამინისტროში განმარტავენ, რომ პატიმარს წარსულში ჰქონდა ტუბერკულოზი, თუმცა, ამ დროისათვის იგი სრულად განკურნებულია: „2014 წლის 4 იანვარს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატიმარი ლევან კახნიაშვილი ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით არის დაავადებული, მას რამდენჯერმე გაუკეთდა ოპერაცია და შემდეგ მკურნალობდა სასჯეაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში. ასევე ოჯახის წევრების განცხადებით, მის შესახებ ინფორმაცია დაბლოკილია და ისინი ითხოვდნენ მის გადაყვანას სასჯელაღსულების მეცხრამეტე დაწესებულებაში.
გვსურს განვაცხადოთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. სამედიცინო დეპარტამენტმა ოჯახის წევრებს არერთხელ მიაწოდა ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ. ამჯერად კი თავად პაციენტის წერილობითი თანხმობით ვავრცელებთ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.
კერძოდ, ლევან კახნიაშვილს წარსულში ჩაუტარდა სრულყოფილი მკურნალობა იგი ამჟამად ტუბერკულოზით არ არის დაავადებული. მიუხედავად ამისა, იგი ითხოვდა ტუბერკულოზის მკურნალობას ქირურგიული მეთოდებით, რაც სამედიცინო ჩვენებას ეწინააღმდეგება და ეს არაერთხელ განემარტა მას. ღუდუშაურის სახელობის ცენტრში სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა ე.წ. mp3-ის გადაყლაპვის გამო.
პენიტენციური სისტემისა და ღუდუშაურის ცენტრის ექიმებმა პატიმარს დროული და ადექვატური დახმარება აღმოუჩინეს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტი ცენტრიდან გაეწერება. მისი გადაყვანა მოხდება ამბულატორიულ მკურნალობაზე სასჯელაღსრულების სისტემაში და ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ იგი #6-ე დაწესებულებაში სამკურნალოდ არ ყოფილა განთავსებული, მითუმეტეს ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
სამინისტრო შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში პატიმართა ჯანმრთელობის შესახებ მარტივი, სენსაციური და ხშირად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, რაც არღვევს პატიმრის უფლებას პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე. ამგვარი პრაქტიკა ემსახურება სამედიცინო სფეროს დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






