თურქეთში, სამართალდამცავებმა დააკავეს სატვირთო ავტომობილი, რომელიც დიდი რაოდენობით იარაღით იყო დატვირთული. აღნიშნული სატვირთო სირიისკენ მიემართებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სამი ადამიანი დააკავეს.
შემთხვევა მიმდინარე კვირის ოთხშაბათს მოხდა. თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა ავტომობილი სამხრეთ პროვინცია ჰატაიში დააკავა, რომელიც სირიას ესაზღვრება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატვირთო ავტომობილის მფლობელი და შესაბამისად, მის ტვირთზე პასუხისმგებელი ჰუმანიტარული კომპანია IHH გახლავთ. აღნიშნულს ადასტურებს ავტომობილის მძღოლიც.
მიუხედავად ამისა, კომპანიის პრეს-სამსახური ბრალდებას უარყოფს და შემთხვევასთან რაიმე კავშირს არ ადასტურებს:
„ჩვენს ორგანიზაციას არავითარი კავშირი არ აქვს ამ შემთხვევასთან“, - აცხადებენ კომპანიაში.
გარკვეული დროის წინ, ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია IHH-მ ხუთი ქვეყანა შეიყვანა საკუთარ სიაში, სადაც ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისთვის გარკვეულ დახმარებას გაწევს. აღნიშნულ სიაში საქართველოცაა. აღნიშნული კომპანია ამ ეტაპზე სულ 41 ქვეყნის ობოლი ბავშვებისთვის გამოყოფს გარკვეულ ჰუმანიტარულ დახმარებას.
ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, IHH-ს მოხალისეებმა პანკისის ხეობაში, ერთ-ერთ მუსულმანურ ჩეჩნურ სოფელში მეჩეთის კურთხევაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული მეჩეთი ერთ-ერთია იმ ხუთი მუსულმანური სამლოცველოდან, რომელთა მშენებლობასაც IHH აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები






