„გუშინ ვანო მერაბიშვილთან შესულნი იყვნენ სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები მისი გამოკითხვის მიზნით, ციხიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით, მერაბიშვილმა მისი განცხადების ნამდვილობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და განმარტებები გააკეთა, თუმცა ჩვენთვის უცნობია ამ ფირების ამოღება დაწყებულია თუ არა, სრულყოფილი გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის, ამ მოკვლევის შედეგად კი შეუძლებელია არსებულ კითხვებს პასუხები გაეცეს“, - განაცხადა დავით ხაჟალიამ.
"პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი და ყოფილ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






