როგორ ხვდებიან ლაზები ახალ წელს შობასა და ძველით ახალ წელს, “კუჩხას”, რა ტრადიციები შემორჩათ საუკუნეების წინანდელი წინაპრებისგან, რას მოერია და რას ვერ მოერია დრო, რას ნიშნავს თურქეთის მიწაზე მცხოვრები ქართველებისთვის ეს დღესასწაულები – ეს ის კითხვებია, რაზეც პასუხი რწმენაშეცვლილ, მაგრამ ქართველობაშენარჩუნებულ ლაზებს აქვთ. ისინი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ძველით ახალ წელს, “კუჩხას” ანიჭებენ და ამას გარკვეული აზრი აქვს – ჩიჩილაკის თავზე გაკეთებული ხის ჯვარი უბრალოდ მათ ეროვნულობას უსვამს ხაზს. მეკვლეობის დღე ყურძნის წვენში გაზავებული წყლის გარეშე არ შეიძლება, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ ქართველი კაცის გენში ჯვრისა და ვაზის სიყვარული რაღაც ფორმით მაინც ცოცხლობს.
უძველესი ქართული ტრადიცია – მეკვლეობა დასავლეთ საქართველოში ძველით ახალ წლის დილას 14 იანვარს სრულდება. მეორე დღე ბედობა, ანუ “კუჩხა” იგივე რიტუალით იწყება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15 იანვარი უფრო “მძიმე” დღედ ითვლება. ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინაც სრულდებოდა, მაგრამ იერსახე არ შეუცვლია. ლაზეთში ამ დღესასწაულს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს.
დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის ლაზურ სოფლებში საახალწლო მზადება იწყება. მეზობელი თურქები ამ სამზადისს “გურჯულ” ბაირამობას უწოდებენ. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლის “ქუჩზუღას” (ჩიჩილაკი, მეგრულად “ქუჩუჩი”), რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდება. “ქუჩზუღა” თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვება. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლი და მანდარინი უკეთდება. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებენ.
“სამწუხაროდ, ჯვარს ჩვენთვის უკვე აღარ აქვს ის დანიშნულება, რაც მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ის ჩვენთვის რაღაც ქართულთან, მშობლიურთან გვაკავშირებს და მხოლოდ ხვავისა და ბარაქის ნიშნად ვიყენებთ. როცა დედა პურებს აცხობდა, ცომს ზედ ჯვრის გამოსახულებას უკეთებდა. სახლის შესასვლელ კარებზეც ჯვარია გამოსახული, ავი თვალისგან იცავსო. მე არა, მაგრამ მამაჩემს ახსოვს, ბებიაჩემი მარჯვენა მაჯაზე მომცრო ზომის, ხელით შეკერილ ტყავის ნივთს უკეთებდა, რაზეც ჯვარი იყო ამოქარგული…
ბაბუაჩემის მამა ჩვენი სოფლის მოლა იყო, მაგრამ ჯვრის მიმართ რაღაც გარკვეული რიდი და მოკრძალება მაინც იყო ჩვენს ოჯახში. უფრო სწორად, რწმენა არა, მაგრამ პატივისცემა მაინც შემორჩათ ლაზებს”, – აცხადებს “დღესთან” საუბარში 24 წლის ლაზი, თანდილ მელუ შამრა ოღლი. მას წინაპრებმა ძველი გვარი შემოუნახეს. მელუა – ასე ჟღერდა საუკუნეების წინ ქართველი “აზნობის” (აზნაურის) გვარი.
ლაზი თანდილა მესამე წელია თბილისში ცხოვრობს. ის ყველა მართლმადიდებლურ დღესასწაულს ყურადღებით აკვირდება. “ისე ხდებოდა, რომ ახალი წლებისთვის არდადეგები მქონდა და თურქეთში მივდიოდი. ასე გრანდიოზულად, როგორც თქვენ ახალ წელს აღნიშნავთ, თურქეთში ბაირამობას ზეიმობენ. ქეიფი და დროსტარება იქ მიღებული არ არის, მაგრამ ამ დღეებში ყველა ასაკის ადამიანები მშვენივრად ერთობიან.
რაც შეეხება ლაზეთში ახალი წლის აღნიშვნას – ახლით ახალი წელი იქ ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ შობას ჩვენთან “ქირსეს” ეძახიან. ჩვენ ვიცით, რომ ახლობელი მეგრელები ამ დღეს ღორს კლავენ. იმ ცნობილი მიზეზის გამო, რომ ჩვენთან ღორის ხორცი საერთოდ გამოყენებაში არ არის, ეს პირუტყვი მუსლიმანური სამყაროდან საერთოდ “ამოგდებულია”, – აცხადებს ჩვენი ლაზი რესპონდენტი.
- “ქირსეს” როგორ აღნიშნავთ?
- იმ დღეს მოლა მთვარის ფორმის, პატარა ზომის პურებს არიგებს, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა აუცილებლად უნდა მიირთვას. ამ დღეს სახლის “ქარქანში”, ბანზე წითელ ნაჭრებს კიდებენ. ესეც ძველი ტრადიციაა, მაგრამ რას ნიშნავს, რატომ და რისთვის კეთდება, ახსნა ნამდვილად არ ვიცი.
- “კუჩხას” როგორ აღნიშნავენ ტრადიციაშემონახული ლაზები?
- “კუჩხა” მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ლაზებისთვის. ამ ორი დღისთვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი წლით ადრე ემზადებიან. საგანგებოდ ამ დღისთვის, “კუჩხასთვის” მზადდება ტკბილეული, რომელიც სუფრაზე აუცილებლად “კუჩხა” დღეს უნდა იყოს. სიტკბო დაგებედებაო, ასე გვეუბნებოდნენ უფროსები.
- რაც შეეხება მეკვლეობას, რამდენადაც ვიცი ლაზებში საკმაოდ გავრცელებული ფორმაა, ვინ და როგორ ასრულებს ამ ტრადიციას?
- “კუჩხა” აუცილებლად კაცის საქმეა. ამ დღეს ოჯახში უცხო ქალის შემოსვლა არც ერთ ლაზს არ უხარია. ლაზეთში ქალის ფეხი რატომღაც ცუდად აქვთ დაცდილი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კუჩხა დღეს მოლა მთვარის პურს, “თუხაქუბალს” ქალს არაფრით მისცემს. საერთოდაც, ქალები ამ დღეს წმინდა ადგილებზე გავლას ერიდებიან და ცდილობენ იმ დღეს სახლიდან არ გამოვიდნენ. ჩვენს პირობებში ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მაინც…
- ჩიჩილაკს ვინ რთავს ოჯახში?
- ქალები, დედაჩემი და ჩემი დები, მაგრამ იმ დღის მერე ჩიჩილაკის დაშლამდე მათ არ შეუძლიათ ჩიჩილაკს თითიც მიაკარონ.
- მეკვლე, ალბათ, დილით ადრე დგება?
- უთენია, სანამ ჯერ კიდე ღამეა, “მოკუჩხური” ადგება. აუცილებლად უნდა ჰქონდეს ღერღილი, სადაც ფული იქნება ჩადებული, ხონჩაზე ტკბილეული და სუფთა, ახალი წყალი, რომელიც ყურძნის წვენით იქნება გაზავებული. მას “ჯაბალგა” ჰქვია და ჩვენი რწმენით ჯანმრთელობის მომტანია. საერთოდ, სუფთა წყალი ლაზურ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს, თუნდაც ჩვეულებრივი დღე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. წყალი ალაჰის ცრემლია და მუსლიმმა აუცილებლად უნდა მიიღოს. მით უფრო ასეთი მნიშვნელოვან დღეს.
- ყურძნის წვენიც საგანგებოდ ამ დღისთვის მზადდება?
- აუცილებლად. ზოგიერთ ღარიბ ოჯახს, ვისაც ყურძნის წვენი არა აქვს, შეუძლია წყალში მურაბა ან უბრალოდ შაქარი ჩაყაროს და ისე დაატკბოს, მაგრამ ეს უკვე “ის” არ არის, რაც ალაჰის ცრემლად იწოდება ჩვენში. ასე დახუნძლული “მოკუჩხური” მიადგება სახლის კარებს. აუცილებლად სამჯერ უნდა დააკაკუნოს…
- და რატომ სამჯერ?
- არ ვიცი, ასეა. არც მიკითხავს, რატომ არის ასეთი წესი… არა, მგონი ვიკითხე და პასუხი ვერავინ გამცა. ბევრი რამე დაკარგულია და სამწუხაროდ, არც ამის ახსნა არის შემორჩენილი. მხოლოდ სამჯერ დაკაკუნების შემდეგ “ითხოვს” კარი გამიღეთო. ოთახიდან ეკითხებიან რა მოგაქვსო. ის ილოცება, ალაჰის რწმენითა და მადლით გაძლიერება, ბედნიერება, სიხარული… ამაზე რაღაც ოფიციალური ტექსტი არ არსებობს, ვისაც როგორ შეუძლია, სანამ ჰყოფნის სიტყვის მარაგი, ისე ამბობს. მესამედ უკვე კარს მისით აღებს და ოთახში შემოდის. გზადაგზა წყალს ასხამს და ღერღილს ყრის, თან ილოცება. ოთახში მყოფთ ტკბილეულს ურიგებს. თუ ოჯახში მცირეწლოვანებიც არიან, ხურდა ფულს ურიგებს.
- რაც შეეხება 15 იანვარს, “მძიმე დღეს”…
- “კუჩხას” დღეს ყველას ჰყავს “კარგი” ფეხის მქონე სტუმარი, რომელსაც საჩუქრებით ხვდებიან. ის აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს. მეგონა, ეს ტრადიცია საქართველოში უკვე აღარ იყო, მაგრამ ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, რომ მეკვლეობა აქაც არის. ამიტომაც დავრჩი აქ ჩვენი მოკეთე მეგრელის ოჯახში. წინასწარ ამიხსნეს ყველაფერი, ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე, ბევრი რამე შეცვლილია, მაგრამ არა უშავს, მთავარია, საერთო მაინც ბევრი რამ გვაქვს. ლაზეთში რომ ჩავალ ბაბუაჩემს მოვუყვები, რომ ამ დღეს “მისი” ქართველებიც აღნიშნავენ.
“ხვალინდელი დღე “
# 7 (670)
15-17 იანვარი, 2005 წელი
burusi.wordpress.com
მასალის გამოყენების პირობები






