ანალიტიკოსთა მოსაზრებით, თბილისში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა. ,,ივანიშვილი ღიად პრორუსი არ არის, მაგრამ თანამდებობაზე ყოფნისას თბილისი მოსკოვს უფრო დაუახლოვა“, - წერენ ისინი.
STRATFOR-ის ანალიტიკოსები კავკასიის რეგიონს ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკურ „სეისმოგრაფს" უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ რუსთის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სულ უფრო იზრდება, შეერთებული შტატებს კი შესაძლოა საერთოდ რეგიონის დატოვება მოუწიოს.
სტატიაში აღნიშნულია რომ, რუსეთი, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მიმართ ძალისმიერ პოლიტიკას ახორციელებს და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაზე იზრდება. საქართველო, რომელიც NATO-სა და ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვოდა, რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაება, რაც 2008 წლის რუსეთის შემოჭრით დაგვირგვინდა, რა დროსაც აშშ-მ ვერაფერი მოიმოქმედა საქართველოს დასაცავად - აღნიშნავენ ავტორები და მიუთითებენ, რომ მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც „დასავლეთთან დაახლოებისა და რუსეთთან დაპირისპირების გამომწვევ პოლიტიკას ახორციელებდა", „გეოგრაფიის გაკვეთილი" მიიღო იმის თაობაზე, რომ რუსეთის ახლოსაა, ხოლო აშშ-შორს.
„რუსულმა გავლენამ საქართველოში დამატებითი იმპულსი მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრად, რუსეთის ჩუმი თანხმობით, არჩეულ იქნა მოსკოველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ღიად პრორუსი არ არის, მაგრამ თანამდებობაზე ყოფნისას თბილისი მოსკოვს უფრო დაუახლოვა. სააკაშვილის დროს შეწყვეტილი ვაჭრობა ქვეყნებს შორის განახლდა და დაიწყო დისკუსიები ისეთ სტრატეგიულ დარგებში თანამშრომლობის შესახებ, როგორიცაა ტრანზიტი და ენერგეტიკა", - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორები მიუთითებენ რომ საქართველოს მოქმედი პრემიერი და პრეზიდენტი ივანიშვილის საგარეო პოლიტიკას აგრძელებენ. „ამგვარად, საქართველოს ამჟამად რუსეთის მხრიდან ფინლანდიზაცია ემუქრება", - დასძენენ ავტორები. (ფინლანდიზაცია - ცივი ომის დროს დასავლეთში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც საბჭოთა კავშირი-ფინეთის ურთიერთობის მაგალითზე პატარა ქვეყნის მეზობელი დიდი ქვეყნის გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს).
მათი აზრით, პოლიტიკური ევოლუცია საქართველოში „უკიდურესად შემაშფოთებელია" ასევე აზერბაიჯანისთვის, დასავლეთსა და რუსეთს შორის იმ ბალანსის თვალსაზრისით, რომლის დაცვასაც ეს ქვეყანა აქამდე ცდილობდა.
სტატიის ქართული თარგმანი გამოქვეყნებულია ჟურნალ ,,ტაბულას“ მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






