„ნიუპოსტმა“ ქუთაისში წუხელ მომხდარი შეიარაღებული ყაჩაღობის შესახებ ექსკლუზიური დეტალები შეიტყო.
წუხელ, გვიან ღამით, ქუთაისში რამდენიმე შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა ერაძეების ოჯახი დააყაჩაღა.
ძარცვის მიზნით ბინაში შეჭრილი პირები ოჯახის უფროსს დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მცირეწლოვან შვილს ფანჯრიდან გადაუგდებდნენ. თავდამსხმელები ოჯახის წევრებისგან ფულსა და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ.
მძარცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრ ქალბატონებს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ნიუპოსტი“ დაუკავშირდა ოჯახის უფროსს ელდარ ერაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში ყაჩაღობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა დეტალების მოყოლისაგან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავა.
ერაძე ქუთაისში ერთ-ერთი პროფილაქტიკის მფლობელია. მისი თქმით, შემთხვევა გვიან ღამით, მისი ვაჟიშვილის ოჯახში მოხდა. როგორც მანვე განაცხადა, დაზარალებულები უკვე დაიკითხნენ და გამოძიება დაწყებულია.
ქუთაისში მომხდარი ფაქტის შეფასების მიზნით „ნიუპოსტმა“ ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირება ვერ მოახერხა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ გია თევდორაძის განცხადებით კი ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქუთაისში კრიმინოგენული ვითარება გართულებულია:
„რა თქმა უნდა, ეს ამბავი გავიგე, ჩემს ირგვლივ და ქალაქში გავრცელდა ინფორმაცია. წინასაახალწლო დღებში, როცა სხვა განცდა უნდა ჰქონდეთ, მთელი ქალაქი ლაპარაკობს ამ თემაზე.
მშრომელი და კარგი კაცის ოჯახში შეცვივდნენ შეიარაღებულები. ემუქრებოდნენ, რომ ფანჯრიდან გადაუგდებდნენ ბავშვს. კრიმინალური შემთხვევები გახშირებულია.
მით უფრო საგანგაშოა ეს მდგომარეობა, როცა ხელისუფლებას არანაირი ადეკვატური განცდა არ აქვს. ვისმენთ უნამუსოდ და ყოველგვარს რეალობას მოკლებულ სტატისტიკურ მონაცემებს და გვესმის, რა ცუდ მდგომარეობაში ვიყავით და ახლა რა სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ გასაკვირი არცაა იმ ქვეყანაში, სადაც ყაჩაღობაზე ნასამართლევი ადამიანი შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, ხოლო პრემიერი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ჩვეულებრივად აღიქვამენ ასეთ ფაქტს.“- აცხადებს თევდორაძე „ნიუპოსტთან“ საუბარში.
"ნიუპოსტს" შსს–ს პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ დანაშაული უკვე გახსნილია და დაკავებული არიან ეჭვმიტანილებიც.
მასალის წაკითხვა დანაშაულის გახსნაზე შეგიძლიათ ამ ბმულზე
მასალის გამოყენების პირობები






