საგამოძიებო სამსახურის ცნობით, რობერტ გვრიტიშვილმა დაინტერესებულ პირებს დევნილის სტატუსის უკანონოდ შენარჩუნების მიზნით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დაუმზადა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილის სტატუსის მქონე პირთა სიების დაზუსტების მიზნით, ახალგორის მუნიციპალიტეტისგან მოთხოვნილ იქნა 2008 წლამდე ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ადამიანთა შესახებ ინფორმაცია. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულმა რობერტ გვრიტიშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, დაინტერესებულ პირებს დევნილის სტატუსის უკანონოდ შენარჩუნების მიზნით, დაუმზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, აღნიშნული პირები უკანონოდ შეინარჩუნებდნენ დევნილის სტატუსს და მიიღებდნენ დევნილთათვის განკუთვნილ შემწეობას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 500 ამერიკული დოლარი აიღო", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






