"2013 წლის 26 დეკემბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომელს ნ. ხ-სა და სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების კონტროლიორს ბ.ა-ს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ბრალდებულ დ.ბ-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.
გამოძიების თანახმად, 2013 წლის 2 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს დაევალა მსჯავრდებულის საკანში ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა.
2013 წლის 10 დეკემბერს ბრალდებულ დ. ბ-ს განთავსების საკანზე მუდმივ ვიზუალურ ელექტრონულ მეთვალყურეობას ახორციელებდა ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ინსპექტორი ნ. ხ., რომელსაც ბრალდებულ დ. ბ-ს ქცევაზე მუდმივი დაკვირვება ევალებოდა, მის მიერ დანაშაულის, თვითმკვლელობის მცდელობის, თვითდაზიანების ან სხვა კანონდარღვევებზე დროული რეაგირებისა და დაწესებულების ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით. ამავე დღეს, ბრალდებულის განთავსების საკანზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებდა კონტროლიორი ბ. ა., რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა ყოველ 10-15 წუთში ერთხელ, სათვალთვალოს მეშვეობით განეხორციელებინა მასზე ზედამხედველობა და ვიზუალური კონტროლი. ნ.ხ-მ და ბ. ა-მ აღნიშნული წესის, შესაბამისი ინსტრუქტაჟისა და გაფრთხილების მიუხედავად, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, რის შედეგადაც ბრალდებულ დ.ბ-ს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი მაისურით გაკეთებული მარყუჟი დაემაგრებინა საკანში არსებულ სარკმლის დამცავ რკინის გისოსზე და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ბრალდებულ დ.ბადრიაშვილის ცხედარი დაახლოებით 2 საათისა და 30 წუთის გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა.
ბ. ა-სა და ნ. ხ-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით.
ამავე ფაქტზე სისტემიდან დაითხოვეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 3 თანამშრომელი, ხოლო სამი დისციპლინური წესით დაისაჯა და საყვედური გამოეცხადა. ბრალდებულ დ.ბ-ს თვითმკვლელობის ფაქტი სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში 2013 წლის 10 დეკემბერს დაფიქსირდა", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






