მატერიალური მხარე ცხოვრების წესის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობაზე ფულის დაზოგვა არ შეიძლება, ევროპაში კრიზისმა პირველ რიგში ჯანდაცვის ხარჯები შეამცირა.
მრავალმა კომპანიამ, მასობრივი განთავისუფლება თავიდან რომ აეცილებინა, თანამშრომლების დათხოვნის ნაცვლად მათი შენახვის ხარჯები შეამცირა – ხელფასი შეუკვეცეს, სამედიცინო დაზღვევა გაუუქმეს... სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სახელმწიფო ინიციატივის წყალობით სამედიცინო დაზღვევაზე დღეს თითქმის ყველას მიუწვდება ხელი. სხვა საქმეა, რაოდენობის მომატება რამდენად იმოქმედებს ხარისხზე.
ცხოვრების გაძვირება, უხელფასობა, ბუნებრივია, სადილ-ვახშმის შინაარსზეც აისახა. მით უფრო, რომ იმავე მიზეზით თანამშრომლებისთვის უფასო და შეღავათიანი სასადილოების შენახვაზე მრავალმა კომპანიამ უარი თქვა. ყოველივე ამის შედეგად კი რეგულარული და მეტ-ნაკლებად ჯანსაღი კვებიდან ბევრს წახემსების ათასგვარ ვარიანტზე გადასვლა მოუწია. საქმეში ჩაერთო ფუნთუშები, ხაჭაპურები, სენდვიჩები, ღვეზელები, ჩიპსები, შოკოლადი – ყოველივე ის, რითაც დანაყრება გაუნძრევლად, სამუშაო მაგიდასთანვეა შესაძლებელი. ტკბილეულსაც უფრო მეტად ვეტანებით – ეს ხომ გუნების გამოკეთების ერთ-ერთი ყველაზე იაფი მეთოდია! ოფისს გარეთ ჭამის მოყვარულნიც იძულებულნი გახდნენ, კაფეები უფრო იაფფასიან ფასტფუდებზე გაეცვალათ.
“უოლ სტრიტ ჯორნალის” მონაცემებით, დიდი დეპრესიის დროს აშშ-ში მხოლოდ იაფი სიამოვნებების, მათ შორის – სიგარებისა და სიგარეტების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასი განაგრძობდა ზრდას.
თუ რუსულ სტატისტიკას დავუჯერებთ, კრიზისის გამო ფიტნესსა და სპორტზე მრავალ მათ თანამემულეს აუცრუებია გული. ექსპერტები ფიტნეს-ინდუსტრიაში შემოსავლების 20%-ით შემცირებას ვარაუდობენ. ტრანსპორტით სარგებლობა კი თითქმის არ შემცირებულა. მხოლოდ ზოგიერთმა გაცვალა მანქანა ავტობუსსა და მეტროზე. კლიენტების სიმცირეს არც სამარშრუტო ტაქსების მძღოლების უჩივიან. დიდი სოციოლოგიური კვლევა არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ჩრდილოელი მეზობლებისგან ბევრით არაფრით განვსხვავდებით. ფეხით სიარულს ალბათ ვერავითარი კრიზისი ვერ გვაიძულებს.
კიდევ ერთი იაფი სიამოვნება კომპიუტერია. ელექტროენერგია და ინტერნეტი საკმაოდ ძვირია, მაგრამ კინოსა და თეატრის ბილეთებზე გაცილებით იაფი. ბოლოს და ბოლოს, კომპიუტერით ხომ მუსიკის მოსმენაც შეიძლება და ფილმის ნახვაც. ტელევიზორი კი მოსაწყენ საღამოებს გაგაყვანინებთ, წინათ კულტურული ღონისძიებებით და რესტორანში ვახშმობით რომ იყო დაკავებული. სხვათა შორის, ტელევიზიისა და ინტერნეტის პოპულარობის ზრდა ცოცხალ ურთიერთობათა დეფიციტს იწვევს. თუ წინათ მეგობრებს კაფეში ვხვდებოდით ან ერთმანეთთან სტუმრად დავდიოდით, დღეს ეს ფუნქციები თანაკლასელთა შეხვედრის საიტმა და სკაიპმა იტვირთა. არადა ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ: რაც უფრო მეტად იკავებს ვირტუალური ურთიერთობები რეალურის ადგილს, მით უფრო მეტია შანსი, საჩუქრად სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა და სხვა ქრონიკული დაავადებები მივიღოთ.
მასალის გამოყენების პირობები






