საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ კათოლიკეებს შობის დღესასწაული მიულოცა. მილოცვის ტექსტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და „ფეისბუქზე“ გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:
„დღეს ქართველი კათოლიკეები მთელ კათოლიკურ სამყაროსთან ერთად შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. სულითა და გულით ვულოცავ მათ ამ შესანიშნავ დღეს. საქართველო რელიგიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა.
ეს პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის წინაშე. ქართველ კათოლიკეთა წვლილი, ამ მხრივ, განსაკუთრებულია.
მათი სულიერი, კულტურული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო საქმიანობა უკეთესი მომავლისაკენ ჩვენი საერთო სწრაფვის განუყოფელი ნაწილია. ვუსურვებ ქართველ კათოლიკეებს და მათ ოჯახებს კეთილდღეობას, მშვიდობას და ბედნიერებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.
მასალის გამოყენების პირობები






