მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლებმა მოსკოვის გამზირზე მიუსაფართათვის მოწყობილ თავშესაფარში მცხოვრებ პირებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე პირველადი მოხმარების ნივთები, ტკბილეულობა და ხილი მიიტანეს.
„კომპანიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, მხარდაჭერა გამოეხატათ მიუსაფართათვის და წინასაახალწლოდ პატარა სიუპრიზი გაეკეთებინათ მათთვის. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული მიუსაფართათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში,“ - განაცხადა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და აქვე დასძინა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის ღონისძიება და კომპანიის თანამშრომლები მომავალშიც დაეხმარებიან მიუსაფრებს.

თავშესაფარში იმყოფებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონიაც. „მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ თანადგომა და მხარდაჭერა თანამოქალაქეებისგან,“ - განაცხადა გიორგი სოლომონიამ.
მასალის გამოყენების პირობები






