კოვიდ დეზინფორმაცია როგორც პარალელური პანდემია
COVID-19 - 15:08, 30 Aug, 2021     1419

ჯერ კიდევ კორონავირუსული პანდემიის დასაწყისში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეუსმა თქვა-„ინფოდემია“-დეზინფონფორმაციის ნიაღვარი კოვიდ19-თან დაკავშირებით, თვითონ პანდემიაზე არა ნაკლებ საშიშია. იმ პერიდისთვის, ახალი კორონავირუსის შესახებ ძალიან მცირე სამეცნიერო ინფორმაცია არსებობდა და ეს ვაკუუმი სხვადასხვა გიჟურმა იდეებმა, ეჭვებმა, შარლატანულმა რეცეპტებმა და თვითმარქვია ექსპერტების „ავტორიტეტულმა მოსაზრებებმა“ შეავსეს. ვაქცინების შემთხვევაშიც იგივე განმეორდა- სოციალურ ქსელებში, ინტერნეტ-ფორუმებში და ვირტუალური სივრცის სხვა არა რეგულირებად ნაწილებში, უამრავი შიზოფრენიული ფანტაზია გვხდება. უამრავი შარლატანი, თაღლითი და დაფინანსებული პროპაგანდისტი კოვიდ-ზე არანაკლებად გვიტევს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ ხშირად მხარს უბამენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირებიც. ვაქცინებთან დაკავშირებულმა მითებმა და დეზინფორმაციამ მოიცვა არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. წარმოუდგენელი მითებით ტვინების დასნებოვნება ყველგან ხდება, მათ შორის დასავლეთის წამყვან ქვეყნებშიც.

დღეს დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე საყოველთაო ვაქცინაცია გახდა. თავდაპირველად ფართო გავრცელება ჰპოვა თეორიამ, რომ ვაქცინები კოვიდ19-ის მუტაციებს იწვევენ. ამ იდეას მხარი დაუჭირა მხოლოდ ფრანგმა ვირუსულოგმა, ანტივაქსერული მოძრაობის აქტივისტმა ლუკ მონტანიემ, ხოლო მისმა კოლეგებმა პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან, ეს იდეა აბსურდად მიიჩნიეს-გავლენიანი მეცნიერები ამბობენ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები სპონტანურად ჩნდება და ვაქცინებზე დამოკიდებული არ არის. გიჟური იდეების ჩამონათვალშია კიდევ ერთი აზრი, რომ თითქოს აცრილ ადამიანებს, ვაქცინა ორგანიზმიდან „უვარდებათ“ და ვირუსს აუცრელს გადასცემენ. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მაიამის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა თავის აცრილ პედაგოგებს მოსწავლეებთან მიახლოება სწორედ ამ მიზეზის გამო აუკრძალა. ამ სისულელის გასაბათილებლად, აშშ-ს დაავადებათა პროფილაქტიკის და კონტროლის ფედერალურ ცენტრს მოუწია იმის ახხსნა, რომ ასეთი შემთხვევა თეორიულადაც არ შეიძლება მოხდეს, რადგან არცერთი ვაქცინა ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს და სხეულიდან ვერ „გადმოვარდება“.

არანაკლები აბსურდულობის გამოხატულებაა თეზისი იმის თაობაზე, რომ მილიადერი ბილ გეიტსი მსოფლიო შეთქმულების ფარგლებში ცდილობს ვაქცინის მეშვეობით ადამიანებს მიკროსქემებიანი ჩიპები ჩაუნერგოს, რითაც მათი კონტროლს შეძლებს. ამ თეორიის შემთხზველები მხოლოდ ფსიქიატრის დაკვირვებას საჭიროებენ. გავიხსენოთ, ისიც როგორც ამბობდნენ, რომ პირბადეები და ნიღბები კოვიდისგან არ იცავდა. თუმცა, ჩვენს მიერ უკვე დაგროვებული გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ნიღაბი/პირბადე ხელს უშლის კოვიდ19-ის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადებას. თუ ორი ადამიანი ნიღბებით ესაუბრება ერთმანეთს, მათ ორმაგი დაცვა აქვთ. აღსანიშნავია, რომ გუშინ გახდა ცნობილი 30 წლის ტეხასელი ანტივაქსერის და აქტივისტის კალებ ვოლესის კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ. ის პირბადის ტარების და ვაქცინაციას გულმხურვალე მოწინააღმდეგე იყო და მასშტაბურ აქციებსაც აწყობდა. მას ორი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ვოლესმა უამრავი ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ ვაქცინაცია და პირბადის ტარება საჭირო არ არის.

ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც „ვაქცინების მიერ გენეტიკური კოდის“ შეცვლაზე საუბრობენ. მეცნიერება ამას სრულ ბოდვას უწოდებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ამ აბსურდული თეორიის ერთადერთი დასაყრდენი ძველი ცრურწმენებია ნებისმიერი ვაქცინის მიმართ, რაც 80-იანი წლების, პირველი ცნობილი ანტივაქსერების განცხადებებს ეყრდნობა.

გავიხსენოთ კოვიდ19-ის წარმოშობის თეორიაც 5G-დან, რაც მობილური კავშირის მეხუთე თაობას წარმოადგენს. ამ თეორიის მიხედვით, 5G-დან მომავალი დასხივება ადამიანის კანში აღწევს. ამ ბოდვას, რომელიც მეცნიერებმა დაბეჯითებით უარყვეს, დაუჯერეს დიდ ბრიტანეთშიც კი, სადაც შარშან ადამიანები ამ ტექნოლოგიის აკრძალვას ითხოვდნენ და 5G-ს ბოძებს ცეცხლს უკიდებდნენ. ამ გიჟური თეორიის „ვირუსი“ მსოფლიოს ზოგ ისეთ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებსაც გადაედო, სადაც 5G არ არის და კიდევ კარგა ხანს არც იქნება.

დღემდე, სამეცნიერო საზოგადოების, პასუხისმგებლიანი ხელისუფლებების და წამყვანი ინტერნეტ პლატფორმების ერთობლივმა ძალისხმევამ ჯერ კიდევ ვერ შეაჩერა კორონავირუსული დეზინფორმაციის გავრცელება. თითქმის ორი წელი გავიდა, მსოფლიომ ამ ვირუსის შესახებ ბევრად მეტი სამეცნიერო ინფორმაცია გაიგო, მაგრამ კოვიდ დეზინფორმაცია ნაკლები არ გახდა. პირიქით ის მრავლდება და მუტირებს არანაკლებად ვიდრე თვითონ კოვიდი. ფეისბუქმა და ინსტაგრამმა პანდემიის დაწყების მომენტიდან 16 მილიონი ისეთი პოსტი წაშალა, რომლებიც უტყუარად დეზინფორმაციას შეიცავდა. და ეს მაშინ, როცა ეს სოცქსელები არც თუ ისე მკაცრი ცენზორები არიან.

საქმეს კი ის ართულებს, რომ ყველა დეზინფორმაცია თუ მავნე მითი თავისით არ ჩნდება და მის უკან ხშირ შემთხვევაში კონკრეტული ძალები და რიგ შემთხვევაში სახელმწიფოებიც კი დგანან.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ არსებობს პიარ-სააგენტო Fazze , რომელიც Pfizer-ის ვაქცინის წინააღმდეგ კამპანიის ორგანიზებას ცდილობდა. ფრანგმა ვიდეობლოგერმა, პოპულარული იუტუბ არხის Dirty Biology-ს წამყვანმა ლეო გრასემ განაცხადა, რომ მას ეს პიარ-სააგენტო დაუკავშირდა და Pfizer-ის ვაქცინის შესახებ ფეიკ ინფორმაციის განთავსების სანაცვლოდ ანაზღაურება შესთავაზა. სააგენტომ Fazze, რომლის ოფისიც თითქოს და ლონდონში იყო განთავსებული, ბლოგერს ორი პირობა წაუყენა. გრასეს უნდა გამოეთქვა ნეგატიური აზრები ვაქცინის შესახებ და ეს საკუთარ ნააზრევად უნდა წარმოედგინა. ელექტრონული ფოსტით მან მიიღო ინსტრუქციები-„თქვით, რომ დაინტერესებული ხართ ვაქცინებით და ეს ინფორმაცია იპოვეთ. განმარტეთ, რომ ცენტრალური მედიები ამ თემას იგნორირებას უკეთებენ.“ ასევე, პიარ-სააგენტოს წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ ის მხოლოდ შუამავალია და დამკვეთის ვინაობის დასახელება არ შეეძლო. ლეო გრასემ უარი თქვა ამ შეთავაზებაზე და თანაც ამ სააგენტოდან მოსული წერილების „სკრინშოტები“ გაასაჯაროვა. მისი თქმით, სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოუგზავნეს მას მონაცემები, რომელთა გადამოწმებაც შეუძლებელი იყო. მათში მოცემული იყო ციფრები, რომლებიც თითქოსდა Pfizer-ით აცრილებში უფრო მეტი გარდაცვალების შემთხვევებზე მეტყველებდა. მალევე დადგინდა, რომ ეს სააგენტო დაუკავშირდა სხვა ბლოგერებს და ინფლუენსერებს საფრანგეთში, გერმანიასა და ბრაზილიაშიც კი. და როგორც ირკვევა, ეს ყალბი პიარ-სააგენტო რუსეთიდან იმართება. ბრიტანულმა მედიამ კი გაარკვია, რომ ამ სააგენტოს მიერ დასახელებულ მისამართზე ლონდონში, სულ სხვა დაწესებულება მდებარეობს. მართალია, ლეო გრასე კეთილსინდისიერი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ უცნობია, რამდენმა ევროპელმა თუ სხვა ქვეყნის ბლოგერმა და ინფლუენსერმა მიიღო იდუმალი სააგენტოს შეთავაზება და დათანხმდა მას. ასე რომ, შესაძლოა ის ფეიკ ინფორმაცია, რომელსაც ასე ხშირად ვაზიარებთ სოციალურ ქსელებში, სინამდვილეში კრემლის მართვის ქვეშ მყოფი დეზინფორმატორების მიერ შექმნილი იყოს.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე საგარეო კავშირების ევროპულმა სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ რუსეთიდან მომავალ დეზინფორმაციის მძლავრ ნაკადებს ეხებოდა. მასში ნათქვამია, რომ „ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაცია“ „დასავლური“ ვაქცინების მიმართ ნდობის შერყევას ისახავს მიზნად.

პარალელურად, Facebook-მა 300-ზე მეტი ანგარიში გააუქმა, რომლებიც რუსეთიდან იმართებოდნენ და ანტივაქსერულ კონტენტს ავრცელებდნენ. როგორც კომპანიის ანგარიშიდან ირკვევა, ისინი დასავლური ვაქცინების შესახებ ფეიკებს ავრცელებდნენ. მაგალითად, წერდნენ რომ ასტრაზენეკა ადამიანებს შიმპანზეებად აქცევს. ამ ანგარიშების ქსელი სხვადასხვა პლატფორმებზე მუშაობდა და მიზანში ამოღებული ჰქონდათ ინდოეთის, ლათინური ამერიკის და ნაწილობრივ აშშ-ს აუდიტორიაც. „ჩვენმა გამოძიებამ ცხადყო კავშირი ამ კამპანიას და სააგენტო Fazze-ს შორის, რომელიც დიდ ბრიტანეთში იყო დარეგისტრირებული და იმართებოდა რუსეთიდან. ახლა ის ჩვენს პლატფორმაზე დაბლოკილია.“-ნათქვამია ანგარიშში. ასევე, ნათქვამია, რომ აცრების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც ამ ანგარიშების ქსელი მართავდა, შედგებოდა 2 ტალღისგან. პირველი ტალღის დროს-2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ქსელებში ქვეყნდებოდა „მემები“ და კომენტარები, სადაც ირწმუნებოდნენ, რომ ასტრაზენეკას შეუძლია მაიმუნებად გვაქციოს. 5 თვის შემდეგ, 2021 წლის მაისში, ამ ანგარიშებმა დაიწყეს Pfizer-ის ვაქცინის მიმართ ეჭვების გამოთქმა, თითქოს და რაღაც გაჟონილი დოკუმენტებზე დაყრდნობით. სურდათ მოეგროვებინათ დიდი რაოდენობით ინფლუენსერები ინსტაგრამში, იუტუბსა და ტიკ-ტოკში, რადგან ჩვეულებრივმა „პოსტებმა“ ხალხის ყურადღება ვერ მიიქცია, მათ ინფლუენსერებისთვის ფულის გადახდა დაიწყეს. თუმცა, სწორედ ამ ტაქტიკამ გაყიდა ეს დეზინფორმაციული კამპანია-არაერთმა კეთილსინდისერმა ბლოგერმა ისინი საჯაროდ გამოააშკარავა.

რა თქმა უნდა, ცეცხლზე ნავთს ასხამს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ათასგვარი ჭორი, დაუსაბუთებული განცხადება და მათ შორის ძალიან აბსურდული მონტაჟით გაკეთებული პოსტები. ამის მაგალითები უამრავია, ამას საქართველოში ნაწილობრივ რუსეთიდან მართული, ან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფი პირები აკეთებენ. ხშირად, ფეიკ სიახლის შესაქმნელად ნამდვილი ადამიანის ფოტოს გამოყენებაც კი არ არის საჭირო. არსებობს სოციალურ ქსელებში ანგარიშები, რომლებსაც ნეიროქსელი მართავს. თვითონ ეს ქსელი ქმნის პოსტებს ანტივაქსერებისგან მიღებული შეტყობინებების საფუძველზე. ასეთი დიდი ოდენობის ჭორების, მითების და ეჭვების შემხედვარე, ჭკვიანი და განათლებული ადამიანებიც კი იცვლიან აზრს. ამავე დროს, იგივე რუსეთის ფედერაციაში, კორონავირუსის შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. თუმცა, ამ მუხლს კრემლი ძირითადადად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მათ სჯის, ვინც სისტემას და პუტინის მმართველობას უპირისპირდება.

ბოლო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ვირუსული გახდა ვიდეო კადრები, სადაც თითქოს და ჩანს, რომ ავსტრალიელი „ფაშისტი“ პოლიციელები ბავშვს ნემსს ძალით უკეთებენ და მშობლებს ართმევენ. ეს კადრები რუსულ ფორუმებში ძალიან იყო გავრცელებული იმის საჩვენებლად, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ავსტრალია სინამდვილეში სულაც არ არის დემოკრატიული და იქ „ფაშისტური“ მმართველობაა გამეფებული. დეზინფორმატორმა ანტივაქსერებმა ეს ვიდეოკადრები იმდენად მოსდეს მსოფლიოს, რომ ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს ამ ბოდვაზეც მოუწია კომენტარის გაკეთება. მან აღნიშნა, რომ ავსტრალიაში ამ დრომდე საერთოდ არ კეთდება 16 წლამდე ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ხოლო ის კონკრეტული შემთხვევა ოჯახურ სიტუაციას ეხება, რომელზეც საჯაროდ საუბარი არაეთიკურია.

შეიძლება ვთქვათ, რომ მთელს ამ ანტივაქსერულ ფანტაზიებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს. ეს მითები და დეზინფორმაცია, მათ შორის რუსეთიდან მომავალი, ურთულეს და ძალიან საშიშ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ხელს გვიშლის. ამიტომაც, ყველა იმ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონსპიროლოგიური სიგიჟეების გამოაშკარავება და მათზე უარის თქმა.

ლევან რაზმაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42