სხვადასხვა დროს სასჯელაღსრულების, თავდაცვისა და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წერს, რომ სამთვიანი ფანჯარა, რომელიც დარჩენილი იყო წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ხელისუფლებამ რევანშისთვის გამოიყენა მაშინ, როცა შეეძლო, ინვესტიციების მოსაზიდად გამოეყენებინა.
დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ ორი კვირის წინ დაიწყო ფინალური და გადამწყვეტი შეტევა ერთადერთ პოლიტიკურ ოპოზიციაზე, რაზეც მძიმე რეაქცია ექნება ევროსაბჭოს:
„დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო ფინალური და გადამწყვეტი შეტევა ერთადერთ პოლიტიკურ ოპოზიციაზე. ეს შეტევა დაიწყო ვანო მერაბიშვილის გატაცებით ე.წ. მატროსოვის ციხიდან, გაგრძელდა არჩეული მერის გადაყენებით და ახლაც გრძელდება ასობით ადამიანის დაკითხვით, იქნებიან ეს პარლამენტის წევრები თუ ყოფილი ან არსებული სახელმწიფო მოხელეები.
მე ძალიან მიჭირს ავხსნა, როგორ აპირებს მთავრობა არჩეული მერის გადაყენების "გაპრავებას" საერთაშორისო საზოგადოებაში. ამაზე მძიმე რეაქცია ექნება ევროსაბჭოს, განსაკუთრებით თვითმმართველობის კომიტეტს და ასოციაციას და ეს, ბუნებრივია, დაარტყამს ჩვენს ქვეყანას.
გარდა ამისა,როგორც იურისტმა, მინდა გითხრათ, რომ იქმნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც ასობით ათასი ადამიანის მიერ არჩეული ადამიანი გადაყენებულია ერთი მოსამართლის მიერ, განხილვის გარეშე. მომავალში, ნებისმიერ სხვა არჩეული მერიც ზუსტად ასევე იქნება გადაყენებული, თუ ის არ მოეწონება ხელისუფლებას.
მთავრობას ახლა ჰქონდა დროის უნიკალური, სამთვიანი ფანჯარა, რათა აეხსნა ინვესტორებისა და ბიზნესმენებისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკურად სტაბილურია. მარტში კი დაიწყება აქტიური საარჩევნო კამპანია, ბუნებრივია, იქნება პოლიტიკური დაძაბულობა და ინვესტორებისთვის არ იქნება ხელსაყრელი კლიმატი.
ეს სამთვიანი ფანჯარა, იმის მაგივრად, რომ ინვესტიციების მოსაზიდად გამოეყენებინათ, გამოიყენეს რევანშისთვის. ეს ქვეყანას მოუტანს იმას, რომ მინიმუმ ნახევარი წელი, ის სოციალური ბიუჯეტი, რომელიც არის საქართველოში, ვერ მიიღებს იმ ინვესტიციებს და გადასახადებს, რომლებიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - წერს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






