ქვეყანაში Covid-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, 2020 წელს და 2021 წლის პირველ 6 თვეში სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% მოხმარდა უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლას - ნათქვამია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარეის ინსტიტუტის" კვლევაში.
დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სარეზერვო ფონდიდან სოლიდური თანხები გამოიყო ისეთ ღონისძიებებზე, რომელთა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება შესაძლებელი იყო.
მაგალითისთვის, 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 67 მილიონი ლარი, საიდანაც დაიხარჯა 61 მილიონ ლარზე მეტი (61.8 მილიონი ლარი). დოკუმენტის მიხედვით პანდემიის დროს მთავრობის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები ასე გადანაწილდა:
- უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% - (7.9 მილიონი ლარი).
- ყველაზე მეტი თანხა - 37% (22.7 მილიონი ლარი) - დაიხარჯა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე.
- 10% (6.5 მილიონი ლარი) დაიხარჯა არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად,
- 9% (5.6 მილიონი ლარი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დახარჯა ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის.
- 23% (14.4 მილიონი ლარი) დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში.
- დანარჩენი 7% (4.2 მილიონი ლარი) მოხმარდა სხვადასხვა მიზნებს, რომლებიც ნაკლებად კავშირშია პანდემიის გამოწვევებთან.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო.
მასალის გამოყენების პირობები