ადვოკატ ანა ლილუაშვილის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირს პოზიცია არ შეუცვლია და ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. როგორც ადვოკატმა განმარტა, ის დაკავებული ხუთი პირიდან ორს - მაგომედ მაჩალიკაშვილს და იუსუფ ცათიაშვილს იცავს.
"ხუთი დაკავებული პირიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ორი, მათ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საკუთარი პროზიცია არ შეუცვლიათ. უშუალოდ, როგორც ბრალის წარდგენის დროს აფიქსირებდნენ პოზიციას დანაშაული არაღიარებასთან დაკავშირებით, იგივე პოზიციას ინარჩუნებენ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო აღკვეთის ღონისძიების სხდომა, სადაც სასამართლო არ ინტერესდება მოცემულ მომენტში პირი ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
დაცვის მხარე ვითხოვდით გირაოს შეფარდებას დაკავებულებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი იყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა“, - აცხადებს ანა ლილუაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება გუშინ წარედგინა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში „ისლამური სახელმწიფო“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ., რ.მ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას გეგმავდნენ.
„სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 24 აგვისტოს დააკავეს. მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები