"ISFED-ის შეფასებებში შესაძლოა საარჩევნო პროცესის არაარგუმენტირებული დისკრედიტაცია იკვეთებოდეს" - ცესკო
პოლიტიკა - 16:27, 22 Aug, 2021     1183

ცესკო ექხმაურება "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) შეფასებას და სპეციალურ განცხადებას ავცელებს.

ცესკო მიიჩნევს, რომ ISFED-ის შეფასებებში შესაძლოა საარჩევნო პროცესის არაარგუმენტირებული დისკრედიტაცია იკვეთებოდეს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ გაიზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ შეფასებებს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი პროფესიული და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების არჩევის თაობაზე.

ამასთან, ცესკოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად განცხადებების გავრცელება, რომელშიც შესაძლოა ფიქსირდებოდეს უზუსტობები, ქმნიდეს საკითხით მანიპულირების შესაძლებლობას მიკერძოებული მხარეებისთვის და საერთო ჯამში საზოგადოებას უქმნიდეს უსაფუძვლო უნდობლობას არჩევნებისადმი.

"საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს თითოეული საარჩევნო პროცედურა წარმართოს გამჭვირვალედ; პერმანენტულად ვაქვეყნებთ ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებსაც. სწორედ ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ გაიზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ შეფასებებს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი პროფესიული და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების არჩევის თაობაზე; აღნიშნულმა შეფასებებმა შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოებაც და საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებიც.

ამიტომ გარდა იმ დეტალური სტატისტიკური მონაცემებისა თუ როგორ წარიმართა არჩევების პროცესი, წარმოგიდგენთ დამატებით დეტალებს რაც კიდევ უფრო ცხადყოფს თუ რა საქმიანობა გასწია საარჩევნო ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ არჩევნები წარიმართოს სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში:

წელს ცესკომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატების გასაუბრებების ე.წ. „ლაივ რეჟიმში“ წარმართვის თაობაზე (ცესკოს ოფიციალურ სოციალურ ქსელში); ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალი ედევნებინა ამ პროცესისთვის. გასაუბრების პროცესის ე.წ. ლაივ რეჟიმში წარმართვის გადაწყვეტილება ცესკოს 15 წევრის შეთანხმების შედეგი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასაუბრებებს წარმართავდნენ როგორც ცესკოს პროფესიული, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული წევრები.

ISFED-მა პოზიტიურად შეაფასა ცესკოს გადაწყვეტილება გასაუბრებების პირდაპირი ტრანსლირების თაობაზე, თუმცაღა იქვე აღნიშნა, რომ ამ ინოვაციამ არათანაბარ პირობებში ჩააყენა კონკურსანტები, რადგან მათ საშუალება ჰქონდათ თვალი ედევნებინათ ერთმანეთის გამოსვლებისთვის. ცესკო ვერ გაიზიარებს ISFED-ის ამ მოსაზრებას, რადგან გასაუბრებების ტრანსლირების პირობებში, ნებისმიერ ფორმატში კანდიდატებს ექნებოდათ მსგავსი შესაძლებლობა, ვინაიდან 180 კანდიდატთან ერთდროულად გასაუბრების წარმართვა შეუძლებელია. ამასთან 311-დან 180-მა კანდიდატმა თავად განაცხადა თანხმობა გასაუბრებებზე. ცესკო მოქმედებდა კანდიდატების ინტერესებიდან გამომდინარე და პროცესის ღიაობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ ვერ გავიზიარებთ ორაზროვან შეფასებას ცესკოს ცალსახად უპრეცედენტო და დადებით გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულები (ცესკოს 15 წევრი ჩართული იყო უშუალოდ გასაუბრებების პროცესში).

ვეხმაურებით ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს:

1.არ შეესაბამება სიმართლეს განცხადება, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა ხმას აძლევდა კანდიდატების სიაში წარმოდგენილ პირველ 8 კანდიდატს, რადგან:

2 584 საარჩევნო უბანზე 8 ვაკანსიაზე 8 განცხადება იყო წარდგენილი, 8-ზე ნაკლები განცხადება იყო - 138 საარჩევნო უბანზე, 9 განცხადება - 611 უბანზე, ხოლო 9-ზე მეტი განცხადება მხოლოდ - 331 უბანზე.

შესაბამისად ის ფაქტი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ხმას აძლევდნენ სიის მიხედვით პირველ 8 კანდიდატს, იმ მარტივი მიზეზით იყო გამოწვეული, რომ უბნების უმრავლესობაში 8-ზე მეტი კანდიდატი უბრალოდ არ არსებობდა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები სხვაგვარ არჩევანს ვერც გააკეთებდნენ. ჯამში 942 საარჩევნო უბნიდან, სადაც 8-ზე მეტი კონკურსანტი იყო, 196 საარჩევნო უბანზე არის არჩეული პირველი რვა კანდიდატი, ანუ ამ 942 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების 20.81% პროცენტი. აქედან გამომდინარე ISFED-ის განცხადება თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა ხმას აძლევდა სიის მიხედვით პირველ 8 კანდიდატს, არასწორია.

რაც შეეხება იმ უბნებს, სადაც 9 ან მეტი კანდიდატი იყო წარდგენილი, ხმის მიცემისას ამგვარ ერთეულ ფაქტებს შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, ვინაიდან კანდიდატთა განცხადებების რეგისტრაცია წარმოებდა რიგითობის მიხედვით და ამავე რიგითობით აისახებოდა სიაში.

2.ჩვენი მოსაზრებით შესაძლოა ხმამაღალიც კი იყოს ISFED-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებულები (მათი ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობით)

საზოგადოებამ გვინდა იცოდეს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ არჩეული 29 086 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან, გამოიკვეთა 4 732 პირი, რომლებიც 2013-2020 წლებში ჩატარებულ არჩევნებში იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები (პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები). ამ 4 732 პირიდან, 1 831 იყო „ქართული ოცნების“, ხოლო დანარჩენი 2 901 სხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები.

ამდენად იმის მტკიცება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებულები, შესაძლოა წარმოადგენდეს ფაქტებით მანიპულაციას.

3.ჩრდილს აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციას იმაზე აპელირებაც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის პოზიციაზე არჩეულ პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული 2020 წლის არჩევნებზე.

ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის 29 086 არჩეული წევრიდან ორჯერადი დისციპლინური სახდელი ჰქონდა მხოლოდ 4 პირს. ამდენად ამ 4 პირის საკითხის განზოგადება და ამით მთელი პროცესისთვის ჩრდილის მიყენება ვფიქრობთ, პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა რეკომენდაციით, უპირატესობა მიენიჭებინათ ისეთი კანდიდატებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ დაკისრებული ორჯერადად დისციპლინური სახდელი და შესაბამისი სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ ეს რეკომენდაცია შემთხვევების 99%-ზე მეტში გათვალისწინებულია.

4.არ არის სწორი ის შეფასებაც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირათ.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კონკურსში მონაწილე კანდიდატების სია წინასწარ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს, რათა მათ შეძლონ კონკურსანტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და მათთვის მისაღები კანდიდატების გამოყოფა. ვინაიდან ასარჩევი კანდიდატების რიცხვი საკმაოდ მაღალი, ზოგ შემთხვევაში ათასამდეც კი არის, ბუნებრივია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები მათთვის მისაღები კანდიდატურების შესახებ ინფორმაციას ინიშნავენ მათთვის კომფორტული ფორმით: იქნება ეს სია თუ რაიმე სხვა ტიპის ჩანაწერი. ნებისმიერი, საქმეში ჩახედული ადამიანი, ვისაც ზოგადად კადრების შერჩევის პროცესში მიუღია მონაწილეობა ამ ფაქტში უჩვეულოს ვერაფერს დაინახავს.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086 არჩეული წევრიდან 25 730 (88.46%) არჩეული იყო მაღალი კვორუმით, რაც ნიშნავს, შემდეგს - კანდიდატების აბსოლუტურ უმრავლესობას, უმეტეს შემთხვევებში მხარი დაუჭირეს როგორც პროფესიული ნიშნით არჩეულმა, ისე პარტიული ნიშნით დანიშნულმა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა.

5.ვერ გავიზიარებთ ვერც ორგანიზაციის ვარაუდსაც, რომ კონკურსანტების განცხადებები ერთი პირის მიერ იყო შედგენილი:

საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის იმ ადამიანებმა, ვისაც სურვილი ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევებში, იცოდა, რომ პროცედურების გამარტივების მიზნით ცესკომ შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც განთავსდა როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე ისე ხელმისაწვდომი იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამდენად ის ფაქტი, რომ კონკურსანტების განცხადებები იყო ერთგვაროვანი არ შეიძლება იყოს სპეკულაციების მიზეზი.

6.ასევე საარჩევნო პროცესის დამაზიანებლად მიგვაჩნია ISFED-ის მიერ „საყურადღებო ტენდენციად“ წარმოჩენილი ფაქტი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები არ მონაწილეობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების არჩევებში.

საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ხსენებული საარჩევნო სუბიექტების ეს ქმედება შესაძლოა იყოს საარჩევნო პროცესის დაზიანების მიზანმიმართული მცდელობა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ISFED-თვის კარგად არის ცნობილი, რომ ცესკოს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი გავლენა მოახდინოს პარტიული სუბიექტების მიერ დანიშნული ცალკეული წევრების პარტიული დღის წესრიგით განპირობებულ ქმედებებზე.


ცენტრალური საარჩევნო კომისია მოხარულია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის სრული დაცვით და უზრუნველყოფილი იყო პროცესის მონიტორინგის ყველა ბერკეტი ჩართული მხარეებისთვის.

თუმცა აქვე დავძენთ, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად განცხადებების გავრცელება, რომელშიც შესაძლოა ფიქსირდებოდეს უზუსტობები, ქმნიდეს საკითხით მანიპულირების შესაძლებლობას მიკერძოებული მხარეებისთვის და საერთო ჯამში საზოგადოებას უქმნიდეს უსაფუძვლო უნდობლობას არჩევნებისადმი.

საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ ერთგული რჩება თავისი პრინციპების და აგრძელებს საკუთარ საქმიანობას გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით. ნებისმიერი აქტივობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვრცელდება ცესკოს ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეგზავნებათ ჩართულ მხარეებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რათა უზრუნველვყოთ 2 ოქტომბრის არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარება“ , - ნათქვამია ინფორმაციაშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42