კიევის ევრომაიდანზე „ქართული კუთხე“ გაიხსნა, სადაც უკრაინელ დემონსტრანტებს ქართული ტრადიციებით შემწვარი მწვადითა და სხვა კერძებით უმასპინძლდებიან. – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კიევში მიმდინარე დემონსტრაციების ქართველი მონაწილე ირმა სამნიაშვილი წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.
როგორც ირმა სამნიაშვილი წერს, „ქართული კუთხე“ ორი ქართველი ბიზნესმენის, გორელი ძმების ინიციატივითა და დაფინანსებით გაიხსნა და საღამოს 18:00 საათიდან უმასპინძლდება ევრომაიდნელებს. კერძები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევრომაიდნელებში. ირმა სამნიაშვილი ითვალისწინებს ბიზნესმენების სურვილს და მათ ვინაობას არ ასახელებს:

„ჩემო მეგობრებო, პარასკევიდან მაიდანზე გამოჩდა ქართული კუთხე, რომელიც უმასპინძლდება მაიდანელებს!
იწვება მწვადები, ხალხი მოუთმენლად ელის, საღამოს, დაახლოებით 18-00 ზე მწვადები მზად არის, ამას აკეთებენ ქართველი ბიზნესმენები, ორი ძმა გორიდან, (გვარის დაწერა არ მინდა, არ ამიღია თანხმობა) მოდის ხალხი და შეძახილებია: „საქართველოს გაუმარჯოს!“; „მიშას გაუმარჯოს!“ – საქართველო და მიშა განუყრელია უკრაინელებისათვის...
შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, რამოდენიმე ასეული შამფური მწვადი იწვება, მე მომზადების პროცესი გადავიღე, ხვალ შეწვის პროცესის სურათებს დავდებ!
ძმებმა შეკრიბეს ქართველები მაიდანზე და ყველა დაასაქმეს, ისეთი ფუსფუსია, ქართული დროშის ქვეშ, უკრაინელები გადარეულები არიან, მადლობებს იხდიან, ცრემლიანი თვალებით და იძახიან, რომ ნამდვილი მეგობარი ასეთ დროს გამოიცნობა!“, – წერს ირმა სამნიაშვილი „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები






