მედიაკავშირ „ობიქტივის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმიანება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იდეოლოგიური შტურმისთვის ემზადება.
ჟურნალისტი წერს, რომ თავზე „საწმერთულის ჩამოფარებისა და გატაცების შემდეგ დასავლეთში მერაბიშვილის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა“. ინაშვილი ფიქრობს, რომ იმის გამო, რადგან ახალაიას პროცესიდან პროკურორები გარბოდნენ, დასავლეთის თვალში ახალაიაც პოლიტრეპრესირებულად გამოიყურება.
ირმა ინაშვილი გიგი უგულავას პროცესსაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასარგებლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ყველა ევროჩინოვნიკის კაბინეტთან „ნაციონალები“ დგანან, ხოლო სააკაშვილი, ინაშვილის თქმით, „დემოკრატიის მამად აპირებს დაბრუნდეს ფლეტჩერის სკოლიდან“:
„დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა გიგი უგულავას სასამართლო პროცესს. მე კი, ვიცოდი, რომ უგულავას არავინ დაიჭერდა. ეს საერთო პოლიტიკის მარტივი შედეგია. დააკვირდით: მიხეილ სააკაშვილი "დემოკრატიის მამის" მანტიის დაბრუნებას ფლეტჩერის სკოლიდან ცდილობს. არადა, ციხეში უნდა იჯდეს! ასევე, რა დაკარგა უგულავამ? აღარაა მერი. დიდი ამბავი. სამაგიეროდ, ჰაერზეა. არადა, ციხეში უნდა იჯდეს!
წავიწიოთ წინ... ვანო მერაბიშვილი პოლიტრეპრესირებულადაა დასავლეთში გამოცხადებული და თვითონ ვიცი, რაოდენ რთულია უკვე ევროსტრუქტურებისა და ამერიკელი კონგრესმენების დარწმუნება იმაში, რომ მერაბიშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა და ამიტომ ზის ციხეში. თავზე საწმერთულის ჩამოფარებისა და "გატაცების" ისტორიის შემდეგ, მერაბიშვილისადმი ინტერესი დასავლეთში კიდევ უფრო გაიზარდა... ახლა საქართველოს მთავარ პროკურორს სერიოზული ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს. ვინ მოიგო? ისევ ვანომ, რომელმაც წამებულის იმიჯი გაიმყარა.
მივდივართ ბაჩო ახალაიამდე. დარჩა სასამართლო პროცესი, რომელმაც ახალაია არ გაამართლა? პროკურორები სასამართლო დარბაზიდან გარბოდნენ, იმის მაგივრად, რომ ეომათ და ახალაიასთვის ბრალი დაემტკიცებინათ... ბაჩოც ზის... ზის სრულიად სამართლიანად... მაგრამ თვეების მანძილზე რომ ბრალეულობას ვერ უმტკიცებენ, დასავლეთის თვალში, ასევე, პოლიტრეპრესირებულად გამოიყურება.
ამ ფონზე გასათვალისწინებელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ლიდერშიფი აქტიურად "იღწვის" სწორედ დასავლეთის ფრონტზე. ყველა ევროჩინოვნიკის კაბინეტის კართან ისინი, "ნაციონალები" დგანან... "ქართული ოცნების" მინისტრები კი, ამ დროს ავტომანქანების შეძენით არიან დაკავებულნი. ფანჯიკიძეს პირდაპირი კონტაქტი არც ერთ ქართველ ელჩთან არა აქვს. უცხოეთში წარგზავნილი ქართველი ელჩები სამარცხვინოდ არიან მიტოვებულნი. არც დირექტივას იღებენ, არც დავალებებს, არც სტრატეგია აქვთ შეუშავებული და არც კომუნიკაცია აქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ა.შ.
ამასობაში, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის შიგნით მედია-ინდუსტრიას ფარულად აძლიერებს. ქმნიან ახალ, თითქოსდა დამოუკიდებელ ინტერნეტ-საიტებს, ტელეარხებს, საინფორმაციო სააგენტოებს... ემზდებიან იდეოლოგიური შტურმისთვის. როგორი იქცევა ხელისუფლება? გამოდიან და ღიად აცხადებენ,- ამდენი ტელეარხი ქვეყნაში საჭირო არ არისო, ანუ გვკიდია მედიაო... ჰგონიათ, რომ საკუთარი პრეს-სამსახურების დახმარებით მოახერხებენ ხსენებული იდეოლოგიური შეტევის მოგერიებას.
ზედაპირულად და არასერიოზულად აფასებენ ვითარებას. ხელისუფლება მედიაში მოკავშირეებს, თანამოაზრეებს დღითიდღე ჰკარგავს. მეტიც, მისი ცინიკური და აგდებული დამოკიდებულების გამო, ეს თანამოაზრეები რადიკალურ ოპოზიციაში გადადიან და ვიმეორებ: თითქოს არაფერი..."- წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქში“.
მასალის გამოყენების პირობები






