19 აგვისტოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ჭანტურიას დაბადების დღეა. მას 62 წელი შეუსრულდებოდა.
,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე გია ჭანტურია 1959 წლის 19 აგვისტოს დაიბადა. 70-იანი წლებიდან, ის, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდა.
1981 წლის 8 თებერვალს გია ჭანტურიამ თანამოაზრეებთან ერთად "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" აღადგინა და 1994 წლის 3 დეკემბრამდე - მისი მკვლელობის დღემდე ედპ-ის თავმჯდომარე იყო.
1983 წელს გია ჭანტურია გეორგიევსკის ტრაქტათან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციის გამო დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, გიორგი ჭანტურია თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. გიორგი ჭანტურიას და ეროვნულ-დემოკრატების ინიციატივით გაიმართა 1988 წელს ნოემბრის ცნობილი, მრავალათასიანი აქცია, სადაც ჭანტურიამ პირველმა, ღიად დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა.
ეროვნული მოძრაობის წლებში, როცა რუსეთი მოვლენების პარალელურად ცდილობდა ეთნოკონფლიქტების პროვოცირებას, გიორგი ჭანტურია სოხუმსა და ცხინვალში მიტინგების გამართვის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან მიაჩნდა, რომ დედაქალაქიდან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში პროცესების გადატანით კრემლი შეეცდებოდა კონფლიქტის გაღვიღვებას.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გია ჭანტურია და ედპ გამსახურდიას ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენდა, რისი მთავარი მიზეზი საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობა და შემდგომ უკვე გამსახურდიას ხელისუფლების არადემოკრატიული მმართველობა იყო.
გამსახურდიას ხელისუფლების დროს მომხდარი სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდში, ჭანტურია გამსახურდიას ხელისუფლების პატიმრობაში იმყოფებოდა, საიდანაც ჭანტურია პარტიის წევრებს და საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ ხელისუფლების შიგნით არსებული რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და თანამოაზრეებს მოუწოდებდა, რომ რუსულ პროვოკაციასა და სამოქალაქო დაპირისპირებაში არ ჩარეულიყვნენ.
საქართველოში შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ, ჭანტურია და ედპ ყველაზე გავლენიან პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად მოიაზრებოდა.
1994 წლის ნოემბერში გიორგი ჭანტურია აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად აირჩიეს.
გია ჭანტურიამ 1994 წელს, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და აგენტურაში მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგნელები იგორ გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე და შოთა კვირაია ამხილა და სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს მათი თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.
1994 წლის 3 დეკემბერს გია ჭანტურია, ედპ-ის ყრილობის დახურვის დღეს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ტერორისტული აქტის შედეგად მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები