„ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც 2008 წლის მოვლენებს ,,გუშინდელ თოვლს’’ უწოდებს, თვლის, რომ სტალინს მისი შთამომავლები უდიდეს პოლიტიკოსად და სარდლად მოიხსენიებენ“- წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ავთო კემულარია.
კემულარია თავის წერილში ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ფურცელია:
„ერთერთი სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში დღევანდელობაა. დღეს ოკუპანტის მომხრე მეხუთე კოლონა კრებას მართავს, ამის გაპროტესტებისთვის მშვიდობიან პატრიოტებს აკავებს პოლიცია(არ ვიცი რომელი ქვეყნს პოლიციაა და ვის ემსახურება, თუმცაკი მანქანებზე უწერიათ ,,ვემსახურებით საქართველოს'').
დღეს კიდევ წაუყენეს ბრალდებები მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერებს. დღეს კიდევ ერთი ახალი ტალღა ჩატარდა სამსახურებიდან ხალხის გათავისუფლებისა, ციკლიდან „100 საწარმო წლის ბოლომდე''..
ყველაზე სამარცხვინო და ცინიკური განცხადება კი რაც ამას წინ უძღოდა იყო ის რომ : „პრეზიდენტს უფლებები შეუმცირდა, საქმეები ბევრი არ ექნება, ადმინისტრაციაში იქნება შემცირებები და სავსებით შესაძლებელია პრეზიდენტისთვის ხელფასის გაორმაგება.'' - ნოდარ ხადური.
ამ დროს ბიუჯეტი მილიარდით გაირღვა, ამ დროს ვალებს იღებენ მინისტრებისა და დეპუტატებისთვის ხელფასის გასაზრდელად, ვიპთანდილისთვის ჯიპის საყიდელად, არ იმატებს ჯარის ხელფასი, არ იმატებს პოლიციის ხელფასი, არ იმატებს პენსია(დაპირებისამებრ).
ხოლო ,,პრეზიდენტი’’ კი გვყავს კაცი, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას (ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, მიუხედავად იმისა, დახმარებას გაგვიწევენ თუ არა, საკუთარი სისხლის ფასად არ დავუშვებო ამას), 2008 წლის მოვლენებს კი ,,გუშინდელ თოვლს’’ უწოდებს, თვლის რომ სტალინს მისი შთამომავლები უდიდეს პოლიტიკოსად და სარდლად მოიხსენიებენო (ნაცვლად იმისა, რომ მე ამას არ დავუშვებ, რადგან შთამომავლობას მე სიმართლეს ვასწავლი, მართალ ისტორიას მივაწვდიო, ეთქვა).
NDI-ი კი აცხადებს, რომ საქართველო ისევ ოცნებობს. ეს უკვე მძიმე დიაგნოზია. მე როგორც ყოფილმა სამხედრომ, მინდა ვკითხო ყველა სამხედროს და ყველა ფორმიანს: თქვენ მუნდირი არ გეწვებათ, როცა მას უმაღლეს მთავარსარდლად მოიხსენიებთ და განიხილავთ?
თავად მას კი მინდა ვკითხო, თქვენ და დედათქვენი ვერ წარმოიდგენთ, ალბათ, თუ რას განიცდიდნენ ჩვენი დედები 2008 წლის აგვისტოს დღეებში, ხომ ასეა?
იმიტომ რომ თქვენ არ იბრძოდით და არც იბრძოლებთ საქართველოსთვის, თქვენ არ გემუქრებოდათ მტრის ტყვია და ბომბი, ეგრეთ წოდებულო უმაღლესო მთავარსარდალო, ამიტომაც არის ის თქვენთვის ,,გუშინდელი თოვლი’’?!
...მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, დიახ, თქვენი დასასრულის დასაწყისი, მეხუთე კოლონავ!“- წერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი ავთანდილ კემულარია.
მასალის გამოყენების პირობები






