რამდენიმე დღის წინ ბათუმში ჯილეხით დაავადებული ქალბატონი გარდაიცვალა, რომელიც ბათუმის ბაზარში საქონლის ხორცს ჰყიდდა.
წინასწარი ინფორმაციით, ინფიცირებისა და, შემდგომ უკვე, გარდაცვალების მიზეზი ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი გახდა.
მომხდარი შემთხვევის გამოვლენისთანავე ბათუმის ბაზარში დაილუქა და დროებით დაიხურა სექცია, სადაც დაკლული საქონლის ხორცი იყიდებოდა. დაიწყო მოკვლევა, თუმცა, გამოძიების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომელ სასაკლაოზე გაჩნდა ეჭვი და რა გამოავლინა შემოწმებამ: როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, ბათუმში ჯილეხის დაავადების გამოვლენისთანავე დაილუქა მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მდებარე სასაკლაო, რომელიც ინდმეწარმე კოტე კოტიას ეკუთვნის.
სასაკლაოს დალუქვის ფაქტს თვითონ სასაკლაოს თანამშრომელი ადასტურებს. ვეტერინარი მალხაზ დანელია, რომლის შვილი ვლადიმირ დანელია სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის მარტვილის განყოფილებას ხელმძღვანელობს, „ნიუპოსტთან“ საუბარში ამბობს, რომ ბანძის სასაკლაო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო დალუქული:
„ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები: ქუთაისში გაიგზავნა იმ დანის ანაფხეკი, რითაც საქონლის ხორცს ვჭრით, წარმოვადგინეთ იმ მანქანის ძარის ნიმუში, რითაც საქონელი გადაგვყავს, შემოწმდა სადგომი სასაკლაოზე, ის ადგილი, სადაც იკვლება საქონელი და სისხლი ჩადის... როგორც მე თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული, არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა და უკვე სამი დღის შემდეგ მოგვცეს სასაკლაოს გახსნის უფლება, საწარმო სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით იყო დალუქული. ჩვენთან ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად კეთდება“, - უთხრა მალხაზ დანელიამ „ნიუპოსტს“.
ამავე დროს, მალხაზ დანელია ამბობს, რომ ამგვარი შემოწმება, როგორც წესი, მხოლოდ ფორმალობაა: „იმ დანის ანაფხეკზე მაინც არაფერი გამოჩნდებოდა, რადგან ჩვენ საქონლის დაკვლის შემდეგ გარკვეულ პროცედურებს ვატარებთ, რაც კანონით გვევალება - ხდება მაღალ ტემპერატურაზე დანის ლითონის გადახარშვა, სხვა, კანონით გათვალისწინებული პროცედურები.თანაც, მარტვილში 60-იანი წლების შემდეგ არ გამოვლენილა ჯილეხის შემთხვევა, აქ წითელი მიწაა და ჯილეხის არ ვრცელდება ხოლმე“, - აცხადებს მალხაზ დანელია და დაზუსტებით ვერ პასუხობს „ნიუპოსტის“ შეკითხვას, რა პრინციპით მიადგნენ ბათუმის ამბების შემდეგ მაინცდამაინც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის სასაკლაოს, თუ შესაბამისი მიზეზები არ არსებობდა.
მისი თქმით, მხოლოდ ის იცის, რომ რაც თვითონ მუშაობს ამ თანამდებობაზე, მარტვილში ასეთი ფორმით არცერთი სასაკლაო არ შეუმოწმებიათ:
„როცა მე ვიყავი რეგიონალურ განყოფილებაში უფროსის მოადგილე, თავად შევამოწმე ჩხოროწყუში ერთი სასაკლაო, სხვა ფაქტი არ მახსენდება“, - აცხადებს მალხაზ დანელია „ნიუპოსტთან“.
მასალის გამოყენების პირობები






