შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი აცხადებს, რომ ავღანეთში მყოფმა ქართველებმა ქაბულში დაძაბული ვითარების გამო, აეროპორტში მისვლა ვერ მოახერხეს, რის შედეგადაც, უკრაინული რეისი მათ გარეშე გამოფრინდა
მისი თქმით, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად საქართველოდან თვითმფრინავი ჩაფრინდება:
"2 საათისთვის უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი აეროპორტში მისვლა და უკრაინული რეისი გამოფრინდა მათ გარეშე.
ამასთან ერთად ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი და მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან.
რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან მდგომარეობა იყო დაძაბული ქაბულში და არჩიეს დარჩენილიყვნენ ბაზაზე.
ახლა ვმუშაობთ უკვე მათი საკუთარი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში.
საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორდს მათ წამოსაყვანად, ეხლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ ჩამოყვანას" - თქვა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები