ფოთში, ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსმა, თამთა დაგარგულიამ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.
ამის შესახებ გაცხადება დაგარგულიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„საჯარო სამსახურში საქმიანობის მანძილზე კეთილსინდისიერად ვემსახურებოდი ქალაქ ფოთს. არ დამიშურებია ძალისხმევა, ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ქალაქის ურბანული დაგეგმარების საკითხების გადაწყვეტაში. დღეს კი, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო თანამშრომლებს ჩემთან ერთად გაწეული შრომისთვის. ასევე მინდა, ვუთხრა თითოეულ საჯარო მოხელეს, არ შეგაშინოთ სამსახურის დაკარგვის მუქარამ, ყველას ვერ გაგათავისუფლებენ (ვიცი, ბევრი მიხვდება რასაც ვგულისხმობ)… დღეს ჩუმად ყოფნამ კი, ნამდვილად შეიძლება საფრთხე შეუქმნას არამხოლოდ თითოეულ ჩვენგანს, არამედ ქვეყნის მომავალს. მე ვუერთდები გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, რათა გუნდთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო. მჯერა, ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ სახელმწიფო სამსახურებში ხელი შევუწყოთ ღირსეული, კეთილსინდისიერი, კვალიფიციური კადრების დაფასებასა და წინსვლას, რისი მიღწევაც ბატონ გიორგისთან და მის გუნდთან ერთად მიმაჩნია შესაძლებლად“, – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თამთა დაგარგულია.
მასალის გამოყენების პირობები