ირაკლი ღარიბაშვილი თავის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ვაქცინაცია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდება და აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი, არასწორად გაიგეს.
"მე დღეს გამოვედი ერთ-ერთ შეხვედრაზე და როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში მოვყევი ქრონოლოგიურად, რომ ეტაპობრივად, ისე, როგორც იკეთებენ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო აცრებს, ანალოგიურად, როგორც ჩანს, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს მსოფლიოში, რომ დამკვიდრდება ყოველწლიურად ამ აღნიშნული აცრების ჩატარება და ამის მაგალითად მოვყევი, რომ ამერიკაში სექტემბრის თვეში აპირებენ ბოლო ფაზის ავტორიზაციის მინიჭებას ვაქცინისათვის და ვივარაუდე, რომ ალბათ სავალდებულო გახდება.
გვაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია, აქეთ მიდის ყველაფერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, თითქოს მე ვთქვი, რომ ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და აცრა იქნება სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. მთავრობა ყველაფერს აკეთებს და უქმნის მაქსიმალურ კომფორტს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩევანი არის შემდეგი - არსებობს ალბათობა იმისა, რომ გართულდეს ნებისმიერ ადამიანში აღნიშნული ინფექცია", - თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ლაგოდეხის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "აშშ-ში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ამის გაკეთება ჩვენც მოგვიწევს".
მასალის გამოყენების პირობები