ენმ-ს თავმჯდომარე და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ვიცე-მერობის კანდიდატის ცოტნე კობერიძის გარშემო ასაკის გამო გამოთქმულ პრეტენზიებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ წამყვან ძალას სწორედ ახალგაზრობა წარმოადგენს. როგორც მელიამ განმარტა, იშვიათად უნახავს ისეთი მოტივირებული და ნათელი გონების, საღად მოაზროვნე ახალგაზრდა, როგორიც კობერიძეა:
"როგორც ირკვევა ვნებათაღელვა გამოიწვია ვიცემერობის კანდიდატად "გირჩი - მეტი თავისუფლების " ახალგაზრდა წარმომადგენლის, ცოტნე კობერიძის დასახელებამ.
მის მიმართ პრეტენზიის მთავარი, მეტიც ერთადერთი საგანი მისივე ასაკია.
მართალი გითხრათ, მიხარია რომ "გირჩი-მეტი თვისუფლებამ" გაერთიანებულ ოპოზიციას ვიცემერობის კანდიდატად ისეთი კანდიდატი წარმოგვიდგინა, რომლის მიმართ სხვა პრეტენზია ვერც გამოითქვა და სხვა, გარდა ასაკისა, ვერაფერი დაუწუნეს.
როგორც გითხარით, ეს ფაქტი მახარებს, მაგრამ არ დავმალავ, მაკვირვებს კიდეც!
განსაკუთრებით ენმ-ის მხარდამჭერების მხრიდან. ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც ენმ ხელისუფლებაში მოვიდა, წამყვან ძალას სწორედ ახალგაზრდობა წარმოადგენდა და ბევრ საკვანძო თანანდებობებზე, მათ შორის მინისტრებადაც სწორედ ცოტნეს ასაკის ბიჭები დაინიშნენ და ბევრმა მათგანმა წარმატებითაც გაართვა თავი და ახლა რა გამოდის, ენმ-ის 24-25 წლის ბიჭები გვინდოდა და ახლა სხვა პარტიის 24-25 წლის ახალგაზრდა ლიდერები გვეჩოთირება? ასე ვაპირებთ ერთად ბრძოლას და კოალიციას?
ამ არჩევნებს მოვიგებთ! მოვიგებთ სწორედ ერთიანობითა და მრავალფეროვნებით!
გამარჯვება სხვანაირად გამორიცხულია და ვინც მხოლოდ ენმ-ის ძალებითა და გემოვნებით გამარჯვებისკენ მოგვიწოდებს, დამიჯერეთ, სწორედ ის გვთავაზობს დამარცხების საგზურს!
პირადად ვიცნობ ცოტნე კობერიძეს და ვინც ჯერ არ იცნობთ მინდა გითხრათ, იშვიათად მინახავს ასეთი შემართული, მოტივირებული და ნათელი გონების, საღად მოაზროვნე ახალგაზრდა როგორიც ცოტნე კობერიძეა.
რომც არ მოგვწონდეს, იგი ვიცემერობის კანდიდატად დაასახელა "გირჩი-მეტი თავისუფლებამ" და თუ ჩვენ ერთად ვაპირებთ ოლიგარქის წინააღდეგ ბრძოლას, ვალდებული ვართ პატივი ვცეთ მათ არჩევანს, ისევე როგორც ისინი სცემენ პატივს ჩვენს არჩევანს და მე მხარს მიჭერენ მერის თანამდებობაზე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მჯერა ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს სწორედ ამომრჩევლის მრავალფეროვნებით.
ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა გლდანში - ერთიანობით! სადაც მოხერხდა ერთიანობა, მოხერხდა რეალური გამარჯვებაც და სადაც დავიქსაქსეთ, იხეირა ივანიშვილმა!" - წერს მელია სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები