თბილისში, საკონდიტრო საწარმოში მომუშავე 42 წლის გიორგი ბასიაშვილი ამავე საწარმოს დაცვის თანამშრომელმა სასტიკად მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მას თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა.
გიორგი ბასიაშვილი თბილისში, საკონდიტრო ქარხანაში წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ის წარმოშობით კასპიდან იყო და იქ ცხოვრობდა. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი და ცოლი დარჩა.
ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, მშობლიურ ქალაქში უკვე გადაასვენეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე უკვე დაკავებულია ერთი პირი, დანაშაული კი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები