900 წელი გავიდა 1121 წლის 12 აგვისტოს, წმ. მეფე დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით, ქართველთა ლაშქრის თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარზე ისტორიული გამარჯვებიდან.
ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოს, არამედ იმდროინდელი მსოფლიოს მომავლისთვის.
დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში, შესაძლებელი გახადა თბილისისა და დმანისის განთავისუფლება და ქვეყნის საბოლოო გაერთიანება.
ამასთან, მსოფლიოს წინაშე საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის უძლიერესი სახელმწიფო და კავკასიაში განცდილმა მარცხმა კიდევ უფრო დაასუსტა მაჰმადიანური სამყარო და ჯვაროსნების შემდგომ წარმატებებს შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია, რომ დიდგორში გამარჯვების შემდეგ კიდევ 100 წლის განმავლობაში ქართველთა ლაშქარს მნიშვნელოვან ბრძოლაში მარცხი არ განუცდია.
დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში, ამასთანავე, საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.
წინაისტორია
სელჩუკთა იმპერია, რომელიც XI საუკუნის 90-იანი წლებამდე დომინანტი ძალა იყო, შიდა დაპირისპირებებმა მოიცვა და იმ დროისთვის, როცა საუკუნის მიწურულს ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო, სანახევროდ დაშლილი აღმოჩნდა. სელჩუკთა დიდი სულთნები, კვლავინდებურად ითვლებოდნენ უძლიერეს მმართველებად ისლამურ სამყაროში, თუმცა, რეალურად, უკვე გაცილებით ნაკლები ძალაუფლება გააჩნდათ და სელჩუკთა სახელმწიფოში შემავალი ცალკეული საამიროები, უმეტესად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.სამეფო ძალაუფლების განმტკიცების, ფეოდალების დამორჩილების, ლაშქრის გაძლიერების შემდეგ დავითისთვის დღის წესრიგში დადგა საგარეო ასპარეზზე გააქტიურება და თურქ-სელჩუკთა ძლიერ სასულთნოსთან აქტიურ ომში ჩართვა, რასაც ქვეუყნის საბოლოო გაერთიანება და სამხრეთ კავკასიის გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა.
ჯვაროსნული ლაშქრობებისა და 1099 წელს იერუსალიმის აღების შედეგად, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ჩრდილოეთ სირიასა და პალესტინაში, რამდენიმე მცირე, თუმცა ბრძოლისუნარიანი სახელმწიფო შეიქმნა: იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ედესის, ტრიპოლის საგრაფოები, ასევე კილიკიის სომხეთის სამეფო. ამ სახელმწიფოებმა შექმნისთანავე დაიწყეს რეგიონში მნიშვნელოვანი როლის შესრულება, რის შედეგადაც, აღმოსავლეთ ანატოლიის, სირიისა და ერაყის სელჩუკური საამიროები მათ წინააღმდეგ კონცენტრირდნენ. ბიზანტიის იმპერია, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებამდე შევიწროებული იყო სელჩუკთაგან, კონტრშეტევაზე გადავიდა და იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა (1081-1118 წწ.) მცირე აზიაში ტერიტორიების დაბრუნება მოახერხა. მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფოები, რუმის სასულთნო და დანიშმენდიანთა საამირო იძულებულები გახდნენ ყურადღება მთლიანად გადაეტანათ ბიზანტიის მიმართულებაზე, რამაც ჩამოაშორა მათი ძალები სირია-პალესტინასა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს.
1104-1120 წლებში მეფემ წარმატებით განახორციელა თავისი გეგმები და დიდ წარმატებას მიაღწია: პირველ რიგში შემოიერთა კახეთი, სადაც საკმაოდ ძლიერი იყო საქართველოს ერთიან სამეფოსთან შეერთების ტენდენცია, თანაც, თბილისის საამიროსა და ქვემო ქართლისგან განსხვავებით, არ შედიოდა სელჩუკთა იმპერიის დაქვემდებარებაში. მეფემ გააუქმა კლდეკარის სეპარატისტული საერისთავო, რომლის ერისთავები XI საუკუნეში მეფეებს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ და სამეფო დომენად აქცია. 1110-1118 წლებში დავითმა აიღო სამშვილდე, ძერნა, რუსთავი, გიში, ლორი. 1118 წელს, მეფემ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში შემოიყვანა მომთაბარე ყივჩაღები, რითაც გაზარდა სამხედრო პოტენციალი და მომთაბარე თურქმანებს დაუპირისპირა სამხედრო ძალა, რომელიც მათ მსგავსად მოქმედებდა და იბრძოდა. 1121 წლისთვის, დავითი ფაქტობრივად აკონტროლებდა თბილისის შემოგარენსაც და უახლოვდებოდა მთავარ სამიზნეს, თბილისს. ისტორიული წყაროების მიხედვით, დავითის გაძლიერებითა და მისგან მოსალოდნელი საფრთხით შეშინებულმა თბილისისა და დმანისის მუსლიმთა ელჩობამ აღმოსავლეთ მცირე აზიის, სირისა და ერაყის ისლამური საამიროების მმართველებს მიმართეს დახმარებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ 1120 წლისთვის დავითის სამხედრო კამპანიების სამოქმედო არეალი გაცდენილი იყო ქრისტიანულ ანუ საქართველოს სამეფოს სელჩუკთა შემოსევებისას დაკარგულ და ყოფილ სომხურ სამეფოთა ტერიტორიებს და ქართველი მეფე უკვე მუსლიმთა საამიროებსაც ღიად უტევდა - მისმა არმიამ აიღო და გაძარცვა შირვანის ქალაქები ყაბალა და შემახა, აშორნია და სეგელმეჯი, 1121 წლის გაზაფხულზე კი, ხუნანი და ბარდავი დაარბია. ეს თავდასხმები არ იყო მხოლოდ დაკარგული ტერიტორიებისთვის ბრძოლა, არამედ ისლამურ სამყაროზე ღია შეტევა, რამაც მუსლიმ მმართველთა შეშფოთება გამოიწვია.
თბილისის დაკარგვით მუსლიმები კარგავდნენ დიდი მნიშვნელობის მქონე ეკონომიკურ და სტრატეგიულ ქალაქს, რის შემდეგაც დავით IV-ს ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს დაესრულებინა ქვეყნის გაერთიანება და მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, სელჩუკებთან უფრო აქტიურად ებრძოლა. მას შემდეგ, რაც 1119 წელს ილ-ღაზმა გაანადგურა როჯერ ანტიოქიელის ლაშქარი ბალატის ბრძოლაში, ალეპო საფრთხის ქვეშ აღარ იყო. ამ გამარჯვებით ილ-ღაზმა დიდი სახელი მოიხვეჭა და ყველაზე გავლენიან მხედართმთავრად და მმართველად იქცა მუსლიმ ამირათა შორის. ის იმედოვნებდა რომ წარმატებას მიაღწევდა საქართველოშიც და თბილისს ქართველთაგან მომავალ საფრთხეს ააცილებდა. სწორედ ამ რიგი მიზეზების გამო, გადაწყდა კოალიციური ლაშქრის შეკრება და საქართველოზე გალაშქრება.
ბრძოლა
სელჩუკებს ართუკიდი ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.
მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 250-300 ათასიდან ( სომხური და თურქული წყაროების თანახმად) 500-600 ათასამდე (არაბული, სპარსული ქართული და ევროპული წყაროების თანახმად).
მოკავშირეთა დარტყმა სწრაფი, გადამწყვეტი, თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეკრიბეს საუკეთესო ცხენოსანი მეომრები ეგვიპტედან კავკასიამდე. თურქული კავალერია იმ დროის განთქმული სამხედრო ძალა იყო.
დავით IV-ის განკარგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ”ფრანგია” (ევროპელი).როგორც ჩანს, ბრძოლა ქართველთა მიერ დაგეგმილ ადგილას მოხდა, ვინაიდან სამეფო ლაშქრის პოზიციები წინასწარ იყო გამაგრებული. ლაშქრის ძირითად ნაწილს, რომელსაც პირველი ბრძოლა უნდა მიეღო, დავითი სარდლობდა, დანარჩენი ნაწილი დავითის ვაჟის დემეტრეს სარდლობით მთას იყო ამოფარებული და იქიდან მოულოდნელად უნდა დაერტყა მტრისთვის. ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისაკენ გაემართა; მაჰმადიანებს ისინი მოღალატენი ეგონათ და თავის ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა.
ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია - დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დევნა 8 დღეს გაგრძელდა...
საქართველოში ლაშქრობამ მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.
შედეგითურქ-სელჩუკთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. განსაკუთრებით ბევრი მეომარი დაიღუპებოდა დევნის დროს, როგორც ჩვეულებრივ, ხდებოდა ხოლმე. ისტორიულ წყაროებში მთავარსარდლის, ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზის დაჭრის შესახებაც გვხვდება ცნობა, თუმცა, მან სამშვიდობოს გასვლა მაინც მოახერხა, ისევე როგორც თუღრილ იბნ მუჰამადმა და დუბაის იბნ სადაკამ. ქართველებმა 4 ათასი მეომარი დაატყვევეს და ხელთ იგდეს დიდძალი ალაფი. მარტო დუბაის იბნ სადაკას ქონება 300 ათასი დინარის ღირებულების იყო. უკან დაბრუნებულ ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზს საქართველოსთვის აღარ ეცალა, რადგან მას ვაჟიშვილი, ალეპოს გამგებელი სულაიმანი აუჯანყდა, თუღრილ იბნ მუჰამადს დავით IV-თან მარტო ბრძოლა არ შეეძლო, სულთანმა მაჰმუდმა კი, რომელსაც იბნ ალ-ასირის მიხედვით ქართველებზე დიდი სახელმწიფო და მეტი ჯარი ჰყავდა, ვერ შეძლო ხელი შეეშალა გამარჯვებული ქართველი მეფისთვის, რომელმაც იმავე წლის ბოლოს ალყა შემოარტყა ქალაქს და 1122 წლის თებერვალში აიღო და ფაქტობრივად დაასრულა ქართული მიწების გაერთიანება.მასალის გამოყენების პირობები