ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების გახსნაზე ახლა უკვე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ალაპარაკდა. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, აქამდე ის წინააღმდეგი იყო საველე სივრცეების მოწყობაზე, რადგან ეს მკურნალობის ხარისხსა და პაციენტების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედებს, თუმცა ახლა სხვა რეალობის წინაშე დგას ქვეყანა:
"ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს გარკვეული სივრცეების მობილიზებაზე, სადაც ე.წ საველე ჰოსპიტლები გაიხსნება. ამის ალბათობაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობთ.
თუმცა, ჩემთვის ეს არის ძალიან არასასურველი სურათი და მეორე ტალღის პერიოდშიც მე ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ისე მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი გუნდიც იზიარებს ამ მოსაზრებას.
ბოლოდროინდელი მკაცრი განცხადებები, რომლებიც ისმის ჯანდაცვის სამინისტროსგან, მიმართულია იმისკენ, რომ თავიდან ავიცილოთ საველე ჰოსპიტლების გახსნა" - განაცხადა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






