მამაკაცი, რომელმაც თავისი მეგობარი ქალი მისსავე საცხოვრებელ ბინაში დაჭრა და ადგილიდან მიიმალა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ის კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულს, გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, თავის ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები