შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.დ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, თავის ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები