სადაზღვევო კომპანია ალდაგმა სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში მოქმედ კომპანია „გენს“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურა.
კომპანიის კუთვნილ საწყობში ხანძარი წლის დასაწყისში ელექტრო გაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო გაჩნდა და დასაწყობებული მარაგები სრულად გაანადგურა. საწყობში კომპანიის კუთვნილი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების სრული სპექტრი: ელ. ხელსაწყოები, სამშენებლო ინსტრუმენტები, ელ. სისტემის, გათბობა-კონდიცირებისა და ვენტილაციის მოწყობისთვის საჭირო მასალები ინახებოდა.
კომპანია გენს ალდაგში ქონების დაზღვევის პოლისი ჰქონდა შეძენილი. ანაზღაურებული თანხა მოიცავს მარაგებს, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ ელემენტებს, მოპირკეთებისა და ინვენტარის ხარჯებს.
“ხანძარი ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკია. მოხარული ვართ, რომ დაზღვევის აუცილებლობის საკითხზე მცირე და საშუალო ბიზნესის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება. მზად ვართ მათ გვერდში დავუდგეთ და აღმოვუჩინოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესი ჩვენთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ალდაგის გენერალური დირექტორის მოადგილე, თეონა კვიციანმა.
„მოხარული ვართ, რომ ალდაგის მხარდაჭერით შევძლებთ აღვადგინოთ ჩვენი ბიზნესი, რომელმაც ზარალის გამო ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. ბიზნესში უმნიშვნელოვანესია რისკების დაზღვევა და მოხარული ვართ, რომ გვყავს საიმედო პარტნიორი, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში დაგვეხმარა,“- აცხადებენ კომპანია გენის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები