"ამ ქვეყანაში გვაქვს უამრავი უსარგებლო უწყება, რაც ბიუროკრატიულ ხარჯებს საგრძნობლად ზრდის, სინამდვილეში ამ უწყებების გაუქმებით ფინანსური რესურსების გამოთავისუფლება და რეალური საჭიროებების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი" - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა
„ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა, რაც თავისი არსით არის ნეპოტიზმის მანქანის კიდევ უფრო ზრდა და ადმინისტრაციული რესურსების შემოკრება იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ მოიგოს არჩევნები ამ ადამიანების გამოყენებით. ირაკლი ღარიბაშვილი არ საუბრობს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ამ ყველაფრის კვალდაკვალ, სადაც ძირითადი და ძირეული პრობლემები გვაქვს, როგორც სახელმწიფო ფლანგვის ასევე კორუფციის, ღარიბაშვილის განცხადების პარალელურად და კოვიდის პირობებში, როდესაც ხელისუფლება გველაპარაკებოდა ქამრების შემოჭერაზე, მე მინდა კარგად გაგახსენოთ სინამდვილეში რამხელა ბიუროკრატიული ხარჯები გვაქვს ამ ქვეყანაში და რამდენი უსარგებლო უწყება გვაქვს, რომლის არსებობა- არ არსებობა არანაირად არაფერს არ წყვეტს, მაგალითად: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ჰყავს საბიუჯეტო ორგანიზაცია “სულიერების ცენტრი”, რომელსაც ყოველწლიურად ვაფინანსებთ 225 000 ლარით და ამ “სულიერების ცენტრის” ფუნქცია არის აფხაზური საზოგადოების სულიერი განვითარება, ასევე კაცობრიობის სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა პროპაგანდა, სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების ღონისძიებათა შემუშავება. აი ამას ვაფინანსებთ. ვაფინანსებთ სიპ კონკურენციის სააგენტოს, რომელიც წელიწადში გვიჯდება 2 000 000 ლარი და მას არანაირი ფუნქცია არ გააჩნია, 3წლის მანძილზე პუროს ფასის ზრდის მიზეზის დადგენას ცდილობდნენ და ვერ დაადგინეს. ამასთან ერთად, კონკურენციის სააგენტოს უწყებაში მომუშავე ადამიანთა რიცხვი არ გაზრდილა, თუმცა მიუხედავად ამისა მათ ბიუჯეტი იზრდება. დაახლოებით უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში 300-400 ლარით გაიზარდა. ამის გარდა კიდევ გვაქვს ბევრი მაგალითი: მოსავლის მართვის კომპანია, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო და კიდევ ბევრი უწყება, რომელიც შეიძლება თავისუფლად გაუქმდეს, ეს ბიუროკრატიული ხარჯები გამოთავისუფლდეს, იმისთვის რომ ადამიანების საჭიროებებს მოხმარდეს. მაგალითად 40-დე მუნიციპალიტეტი გვაქვს, რომელშიც არ არსებობს რეანომობილი, გვაქვს მუნიციპალიტეტი, სადაც ყოველი მეორე არის სოციალურად დაუცველი და მათ სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდებათ. გვყვანან ვეტერანები, რომელთაც ასევე სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა და სერვისები სჭირდებათ. ძალიან ბევრი საჭიროება გვაქვს, რამდენიმე დღის წინ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაფიცულები იყვნენ, რომელთაც ხელთათმანები და ფეხსაცმელები არ აქვთ, ზამთრის ტანსაცმლით მუშაობენ ამ ზაფხულში იმისთვის რომ ქალაქი დაალაგონ. აი ამას უნდა მოხმარებოდა ფული, მაგრამ ამას არ ხმარდება და ხმარდება მათ ბიუროკრატიულ, ნეპოტიზმის მანქანას“ - განაცხადა ნონიაშვილმა
„2018 წელს საქართველოს მთავრობამ შექმნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო. ეს სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რომელი პროექტი გაგრძელდეს და რომელი შეწყდეს. დღეს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელეებს უნდა გაეზარდოთ ხელფასი, ამ სააგენტოში დღეს ხელფასი გაეზრდება ირაკლი კობახიძის მეუღლეს ნატალია მოწონელიძეს, რადგან ამ ორგანიზაციას ისე ხელძღვანელობს. ასევე მნიშვნელოვანია “მოსავლის მართვის” ორგანიზაცია, ეს არის კომპანია, რომელსაც მთავრობამ დღეს დაავალა, საარჩევნო პერიოდში 50 მილიონი ლარი ღირებულების ყურძნის შესყიდვა, მაშინ როდესაც ამ შესყიდვას წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებდა, მაგრამ მთავრობას დამატებით ადამიანების დასაქმება სჭირდება“ - განაცხადა ბესიკ დონაძემ
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავის განცხადებაში საჯარო სექტორისთვის ხელფასების ზრდა დაანონსა.
მასალის გამოყენების პირობები