თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენები პირადად დედაქალაქის მერის წინააღმდეგ მართული პროცესია.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, კომპანიის თანამშრომლები შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, ვინაიდან სულ რამდენიმე შეხვედრა გახდა საკმარისი, რათა ყველას დაენახა, რომ მათი მოთხოვნები და მერიის გეგმები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია.
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და განაახლეს მუშაობა ქალაქში ნარჩენების მართვის მიმართულებით, რაც მისასალმებელია. ვფიქრობ, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ეს იყო გარედან უნიჭოდ მართული პროცესი და ეს ხალხი შეცდომაში იყო შეყვანილი, ვინაიდან ფაქტია, რომ მათი მოთხოვნები და ჩვენი გეგმები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, აბსოლუტურად ყველა კომპონენტით. რამდენიმე შეხვედრა დაგვჭირდა და შეთანხმება შედგა. ეს ადამიანები დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და შეწყვიტეს პროტესტი. ჩემი აზრით, ეს არის პირადად კახა კალაძის წინააღმდეგ გარედან მართული პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერის თქმით, ძალიან ცუდია, როცა ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის მართვას მსგავსი მეთოდებით ცდილობს.
„წინასაარჩევნო პერიოდია და ძალიან ცუდია, როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიცია ასეთი მეთოდებით აპირებს წინასაარჩევნო კამპანიის მართვას, თუმცა ჩვენ ვიქნებით ჩვენი მოვალეობების სადარაჯოზე. ერთი ღამე გავათენეთ, ბევრი გაგვითენებია, კიდევ ბევრს გავათენებთ, თუ ქალაქს ამის საჭიროება ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენსა და ჩვენს თანამშრომლებს შორის სადაო საგანი არ არსებობს. მათი პრეტენზიები და ჩვენი გეგმები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ხელფასის მატებაც მოხდა გასულ წელს, ამის შესაძლებლობა იქნება და კიდევ მოხდება; სპეცტექნიკაც შევიძინეთ და კიდევ შევიძენთ დამატებით, ასევე, უნიფორმებსაც. ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაო პირობების შექმნა, გამართული სპეცტექნიკის, უნიფორმის და სხვა მატერიალური აღჭურვილობების ქონა, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურების მიმართულებით, რათა სათანადოდ მოვემსახუროთ დედაქალაქს. კარგია, რომ დღეს შეთანხმება სახეზეა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფთან“ კომუნიკაცია დეტალების დაზუსტების მიზნით, მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენი მიზანია, ჩვენს თანამშრომლებს, შესაძლებლობების ფარგლებში, მივცეთ მაქსიმალური კომფორტი, რათა დედაქალაქს მოვემსახუროთ“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.
მასალის გამოყენების პირობები