"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უკვე დატოვა. ის სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც მისი ფიზიკური ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით იკითხებოდა.
როგორც გვარამიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, კონტრტერორისტულ დეპარტამენტში უცხოელი პარტნიორებისა და სახალხო დამცველის რჩევით მივიდა და ის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რაც ხელთ ჰქონდა:
"10 დღეზე მეტია, ეს ინფომაცია არსებობს. მივაწოდე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, სახალხო დამცველსაც, და მათი რჩევითაც და ჩემი გადაწყვეტილებითაც, მოვედი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში. ინფორმაცია ეხება ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის დაგეგმვას.
ეს ახლა ესე ბევრჯერ უთქვამთ, მაგრამ ზედმეტად დეტალური იყო იმისთვის, რომ ყურადღება არ მიმექცია. სახელები გვარები შემოსვლები... ვინ შემოვიდა, კიდევ ვინ შემოვიდა, როდის და ა.შ... ამიტომ, გულსწფელად გითხრათ, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დაშინების მცდელობაა, რაც ფუჭია, ან რაღაცა პროვოკაციაა. თუმცა, იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, რომ დაშვება შესაძლებელია რომ სიმართლე იყოს.
ორი რამის გამო მოვედი აქ. პირველი - სული ტკბილია და ბოდიში, მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, ცოცხალი ვიქნები თუ არა, და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ რამე მოხდა, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს ამ ქვეყანაში, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და ეს პრობლემები ხელსაყრელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელმწიფოსთვის, რომელსაც ქვია რუსეთი და იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსეთის ინტერესებს ატარებს" - განაცხადა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები