2008 წლის 7 აგვისტოს, რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მათ სამხედრო აგრესია განახორციელეს, რის საპირწონედ საქართველომ თავდაცვის ლეგიტიმური უფლება გამოიყენა. რუსეთ-საქართველოს ომში, 2008 წელს, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი გმირულად დაიღუპნენ.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის მე-13 წლისთავამდე ორი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უგვანო და აბსურდული განცხადება გააკეთა-თითქოს რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ქართული სახელმწიფოს მზადყოფნა სჭირდება. რუსეთის ოფიციალური უწყება ისევე იყრუებს და იბრმავებს თავს, როგორც ეს წლების, ათწლეულების და საუკუნეების განმავლობაში რუსულ ჩინოვნიკთა ყველა კრებას ეხერხებოდა-გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერიდან ვიდრე დღემდე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რა თქმა უნდა არ ახსენებს, რომ საქართველო ყოველთვის იყო მზად ჩრდილოელი მეზობლისთვის ნამდვილი სტუმარ-მასპინძლობის გასაწევად, კავკასიური, ქართული ადათ-წესით, გულწრფელად ელოდა დახმარებასაც და უამრავ ხელშეკრულებას, მემორანდუმს და დოკუმენტს აწერდა ხელს, მაგრამ შედეგად რას იღებდა? მხოლოდ დამოუკიდებლობის წართმევას, მოტყუებას, მიწის ჩამოჭრას, მავთულხლართების გამბას, ავტოკეფალიის წართმევას, დაქუცმაცებას, რეპრესიებს და ქართველების საკუთარი მიწა-წყლიდან გამოგდებას. ეს იყო ყოველთვის ერთადერთი საპასუხო ნაბიჯი იმ იმპერიისგან, რომელსაც თითქოს მუდამ მხოლოდ „კეთილმეზობლური ურთიერთობები“ სურდა.
რუსეთის ნამდვილი სახე ხომ ყოფილა ჯერ სეპარატისტების დახმარება, წაქეზება, წყლის აღრევა, დეზინფორმაციით ნიადაგის მომზადება, შემდეგ კი ოკუპაცია გინდ საქართველოს, გინდ უკრაინის შემთხვევაში? რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედების რეალური სტილი ხომ ტატუნაშვილის, ბაშარულის, ოთხოზორიას და სხვების ბედის ტრაგიკულად გარდამტეხი აღმოჩნდა? გიორგი ანწუხელიძემ ხომ თავის თავზე იგრძნო ის, თუ რა არის სინამდვილეში რუსეთის „კეთილმეზობლური მზადყოფნა“ და მეგობრობა? რუსეთმა, რომელიც „კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის მზადაა“, 2008 წლის აგვისტოში ხომ ჯერ გორს კასეტური ბომბები ესროლა, შემდეგ კი ბულდოზერებით გადაუარა ქართველების დამწვარ სახლებს და ბაღებს-დიდი ლიახვის ხეობაში მიწასთან გაასწორეს ზემო და ქვემო აჩაბეთი თამარაშენი, კეხვი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ძარწემი, ხეითი. პატარა ლიახვის ხეობაში გაანადგურეს ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი. აქ ახლა რუსული ბაზებია და სხვა არაფერი.
პარალელურად, 13 წელია კრემლი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ხერხებით ცდილობს გაამართლოს თავისი აგრესია, შეთხზას მითი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, ისევე როგორც 1921 წელს ბოლშევიკებმა შეთხზეს მითი საქართველოს განთავისუფლების შესახებ, როგორც შეთხზეს მითი ოსების „გენოციდის“ შესახებ და მითი აფხაზეთის ისტორიულად სხვა სახელმწიფოდ ყოფნის შესახებ.
შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აბსოლუტურად სწორად და ლოგიკურად აღნიშნა, რომ „თუკი რაიმე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის შელახვა.“
ამიტომაც სრული სიცრუე და საერთაშორისო საზოგადოების მორიგი მოტყუების მცდელობაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთ-საქართველოს მე-13 წლისთავზე. ჩვენი სახელმწიფოების კეთილმეზობლური ურთიერთობები კი გადის არა საქართველოს რაიმე სახის მზადყოფნაზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე.
ლევან კობიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები