მოსამართლემ უგულავას ბრალდების არსის შესახებ ჰკითხა, რაზეც უგულავამ უპასუხა:
„არსი არის პოლიტიკური, იმიტომ, რომ მე ვარ მერი რომელიც არ ვემორჩილები მოწმეების ხელისუფლებას, ეს არის ბრალდების არსი“, - განაცხადა უგულავამ.
აღნიშნულ რეპლიკაზე, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მან იკითხა რა იყო ბრალდების არსი და უგულავას დიალოგის წარმოების უფლება არ ჰქონდა:
„სასამართლო მოგიწოდებთ, თქვენ შეძლებთ თქვენი პოზიციის დაფიქსირებას, როდესაც ამის საშუალება მოგეცემათ, თქვენ არ გაქვთ დიალოგის წარმოების უფლება“, - მიმართა მოსამართლემ უგულავას.
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურა თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






