კორონავირუსს ცნობილი ქართველი მგალობელი, ხალხური და საეკლესიო მუსიკის პედაგოგი ლია სალაყაია ემსხვერპლა.
"რამდენიმე კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის კორიფე ლია სალაყაია", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ პატრიარქის კურთხევით, ლია სალაყაია დღესვე დასვენდება სამების საკათედრო ტაძარში.
"დღეს, 5 აგვისტოს საღამოს ღვთივ განისვენა ლია სალაყაიამ, - ჩვენი დროის საოცარმა ადამიანმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, იგი დღესვე დასვენდება სამების საკათედრო ტაძარში. დაკრძალვა შედგება შაბათს, სამთავროს დედათა მონასტერში.
2019 წელს, საქართველოში საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ლია სალაყაია პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. ქალბატონი ლია 40 წელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა და ქართულ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა.
მასალის გამოყენების პირობები






