ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში შემოსულია 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, პანდემიასთან საბრძოლველად ქვეყნის ჩაკეტვა გაუმართლებელია. მისი თქმით, შეზღუდვებით შესაძლებელია ვირუსის დროებით შეყოვნება, თუმცა პანდემიას ვაქცინაცია ამარცხებს:
„ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილიონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს.
ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, შეიძლება დროებით მოხდეს შეყოვნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, სოციალური მედიით, ტელევიზიით. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას, რომელმაც შექმნა ეს უნიკალური საშუალება და გამოსავალი, როგორიც არის ვაქცინა. მთლიანობაში, ქვეყანაში ძალიან პოზიტიური დინამიკაა. ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები გვესწრებიან და ვიცი, რომ მათი განწყობაც არის ასეთივე პოზიტიური. შემთხვევითი არ არის ის დინამიკა, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. ამას სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. მთავარი გამოწვევა იქნება საგარეო ვალის შემცირება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ზოგადად, ამ პროცესის მართვა, რასაც ჩვენ ძალიან ეფექტიანად მოვახერხებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები