"დამიანის უფლებათა ცენტრი" (HRC) 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით მთავრობას სპეციალური განცხადებით მიმართავს, სადაც მოუწოდებს მას, რომ დროულად მოხდეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება მათი კანონის სესაბამისად დასჯა:
"სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დღემდე არ მომხდარა ძალადობრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დაწყებულა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა სისხლისსამართლებრივი დევნა.
გასული წლების მსგავსად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება მუდმივად თავს იკავებს რადიკალური ჯგუფების ორგანიზატორთა მიერ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან. მეტიც, ხშირად ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნებისა და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების რიტორიკა იდენტურია, რაც ხელს უწყობს ძალადობის პროვოცირებასა და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაზრდას.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
ხელი შეუწყოს 5-6 ივლისს განხორციელებული, წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული შტურმის ორგანიზატორთა ვინაობის დადგენას, ასევე - ამ ძალების დამფინანსებელი ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების გამოაშკარავებას;
ხელი შეუწყოს ძალადობრივ მოვლენებში უცხო მტრული ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოების და სპეციალური სამსახურების შესაძლო მონაწილეობის დადგენას და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.
პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად, უზრუნველყოს პარლამენტის ბაზაზე მულტიფრაქციული საპარლამენტო კომისიის შექმნა და გაზარდოს პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, გამოძიების ეფექტურად წარმართვის მიზნით;
საგამოძიებო ორგანოებს:
უზრუნველყოს საგამოძიებო პროცესის სრულყოფილი და ობიექტური წარმართვა, 5-6 ივლისს განხორციელებულ ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებისა და ამ ქმედებების ორგანიზატორთა დადგენისა და მათდამი სისხლისსამართლებრივი დევნის ჯეროვნად განხორცილების მიზნით;
უზრუნველყოს სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა და რიგითი პოლიციელების ქმედებების შესაფასებლად, 5-6 ივლისის ძალადობრივი ქმედებების დროს, საპოლიციო ძალთა მობილიზების, აქციების მართვის და ძალადობის აღსაკვეთად საჭირო ზომების მიღების კონტექსტში" - ნათქვამია განცხადებაში.
HRC 5-6 ივლისს ძალადობრივი ქმედებების დროს დაზარალებული პირების უფლებებს იცავს.
მასალის გამოყენების პირობები