უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ევროკომისიის ანგარიშში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი და რომელიც ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს წარედგინება, აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას. თუმცა, კომისია საქართველოს რამდენიმე მკაცრ რეკომენდაციასაც აძლევს.
"აქტიურად განაგრძეთ წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის ძიების უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოგვარება; მოარგეთ სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიები მიგრანტების შესაბამის პროფილებს, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებთან, დარჩენის ვადის გადამეტებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადებთან მიმართებაში;
გაზარდეთ ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების უკეთ მოგვარების მიზნით; უზრუნველყავით ყველა ასეთი შემთხვევის გამოძიება;
დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს; დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით; დაასრულეთ ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველყოფით, რომ (ა) მას შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და (ბ) ჰქონდეს სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე მისი ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად; გააგრძელეთ ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლა. კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ; გააგრძელეთ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში მოყვანა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
უზრუნველყავით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობა ვიზით მოსარგებლე მესამე ქვეყნების ევროკავშირის სიებთან. კერძოდ, იმ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებშიც არალეგალური მიგრაციაა ან წარმოადგენენ რისკს ევროკავშირისთვის", – აღნიშნულია დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები