„საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (PCS) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის” პროექტის ინაუგურაცია ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ინაუგურაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა.
„ონლაინ შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და EBRD-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ჰესტერ კოტანჩმა გახსნეს. მინისტრის მოადგილე მიესალმა მხარეებს და გამოხატა მადლიერება პროექტის მხარდაჭერისათვის. მან ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის ზრდისათვის.
შეხვედრაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანმა „საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (PCS) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის” პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, PCS - ეს არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საზღვაო სატრანსპორტო ჯაჭვის გაციფროვნება და გლობალურ მიწოდების ჯაჭვში სრულად ინტეგრირებისათვის ქართული ნავსადგურების ე.წ. “ერთი ფანჯრის სისტემა” (MSW) უნდა დაუკავშირდეს ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას (PCS). თუ საზღვაო “ერთი ფანჯრის პრინციპის” დანერგვის მიზანია გემის შემოსვლა-გასვლის პროცესის გაციფროვნება და პროცედურების გამარტივება, ნავსადგურის გაერთიანებული სისტემის დანერგვა - ოპტიმიზაციის, მართვისა და ავტომატიზაციის საშუალებით გამოიწვევს ლოგისტიკური ეფექტურობის ზრდას, მონაცემების ერთიანი წარდგენის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჯაჭვების დაკავშირების გზით. აუცილებელია გვესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ყველა დაკავშირებული პროცესის ერთ ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირებისათვის. ეს შეამცირებს ადმინისტრაციულ ტვირთს და არა მხოლოდ სატრანსპორტო ჰაბის, არამედ ურთიერთთანამშრომლობის ციფრული ჰაბის ფორმირებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, გააღრმავებს შავ ზღვაზე რეგიონული თანამშრომლობას. ვიმედოვნებ, რომ კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერითა და აქტიური მონაწილეობით შევძლებთ პროექტის წარმატებით განხორციელებას”, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროექტის განხორციელების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ესტონურ - გერმანული ქართული კონსორციუმის წარმომადგენლებიც.
აღნიშნულმა კომპანიამ 10 თვის განმავლობაში უნდა შეისწავლოს ასოცირებულ რეგიონულ სისტემებთან აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობები, მაგალითად, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან კოორდინაცია; ასევე მოამზადოს და საქართველოს მხარეს გადმოსცეს სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები საქართველოში PCS-ის შემუშავების, განხორციელების და მართვის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები