ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახდა. ის უკვე შეხვდა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი შარაბიძეს და თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა.
„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელიც დაიგეგმა და მიმდინარეობდა იმ პერიოდში, როდესაც მე ვასრულებდი თავმჯდომარის მოვალეობას. განვიხილეთ ყველა საკითხი, მომავალი გამოწვევები. ვუსურვებ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“,-განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გიორგი კალანდარიშვილმა თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა დღეიდან დაიწყო. საქართველოს პარლამენტმა ის გუშინ, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აირჩია.
გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამ დრომდე ის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტ ხელმძღვანელობდა. ის არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი.
პროფესიით იურისტი გიორგი კალანდარიშვილი არაერთი საერთაშორისო სასწავლო კურსის წარმატებული მონაწილე იყო, მას მიღებული აქვს განათლება საარჩევნო, სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩართული იყო როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებში.
მასალის გამოყენების პირობები