„დაახლოებით 60-მდე დარგისთვის, რომლებსაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები - ეს არის კომბინირებული დახმარება, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე სპეციალური გრანტით სარგებლობას და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პროგრამას ემატება ახალი მიმართულება, სადაც აქცენტი იქნება საექსპორტო, ან იმპორტის ჩამნაცვლებელი დარგების განვითარებაზე. ასეთი არის დაახლოებით 60-მდე დარგი, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ განვავითაროთ უფრო მეტად ექსპორტი, რაც ჩვენი სავალუტო შემოსავალი და ჩვენი ეკონომიკის, ლარის სიძლიერეა, ასევე საუბარია დარგებზე, რომლებსაც შეუძლიათ ადგილობრივ ბაზარზე, კონკურენციაში შევიდნენ იმპორტულ ანალოგიურ საქონელთან და ჩაანაცვლონ იმპორტი. ასეთი კომპანიები პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში" მიიღებენ კომბინირებულ დახმარებას - ეს არის ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რითიც ჩვენ თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ მათ ბანკებში და ასევე სრულიად ახალი კომპონენტი - გრანტი" - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, პროგრამის ახალი მიმართულების ფარგლებში გრანტი გაიცემა სესხის 15 პროცენტის ოდენობით, არაუმეტეს ნახევარი მილიონი ლარისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უფრო ხელმისაწვდომს ხდის დაფინანსებას მცირე ბიზნესებისთვის. ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ისეთი დარგებისთვის, როგორიცაა ადგილობრივი საშენი მასალების, პლასტმასის, მინის, ფარმაცევტული ნაწარმის, მანქანათმშენებლობის, დანადგარების, ავტონაწილების, ტექსტილის წარმოება, საფეიქრო მრეწველობა და ჯამში, 60-მდე სხვადასხვა დარგი, რომელსაც აქვს ძლიერი პოტენციალი, განავითაროს ადგილობრივი წარმოება.
„მნიშვნელოვანია სიახლეა ისიც, რომ თუ აქამდე პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამი წლის განმავლობაში ვაკეთებდით თანაუზრუნველყოფას, თანასუბსიდირებას სხვადასხვა ბიზნესისთვის, ამიერიდან ეს გაგრძელდება სესხის მთელი პერიოდის მანძილზე ანუ ჩვენ გვერდში დავუდგებით ბიზნესს იმდენი ხანი, რამდენიც ხნითაც ექნებათ სესხი აღებული თავისი განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმებისთვის თუ პროდუქციის გამოშვებისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები