პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს აირჩევს.
კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს სულ მცირე 76 ხმით არჩეული კანდიდატები დაიკავებენ.
ცნობილია, რომელ კანდიდატურებს უჭერს მხარს "ქართული ოცნების" უმრავლესობა. როგორც წინა კენჭისყრებმა დაადასტურა, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდი მხარს გიორგი კალანდარიშვილს უჭერს, ხოლო ცესკოს წევრის პოსტზე ასარჩევად გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს აძლევენ ხმას.
საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საერთო კანდიდატებზე ვერშეთანხმების გამო, მაღალი კვორუმით არჩევა ვერ მოხდა.
სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.
მასალის გამოყენების პირობები