საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის წერილი გაავრცელა.
"მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა.
გულმხურვალე, ღვთისა და მოყვასისათვის თავდადებული, ფიცხი, მაგრამ საოცრად კეთილი უვერცხლო მოძღვარი, მრავალთა გადამრჩენელი, დაუცხრომელი მლოცველი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქართულით მეტყველი უშიშარი ტკბილი მამა, რომელმაც დიდი ტკივილებით და წინააღმდეგობებით სავსე თითქმის ასწლოვანი ცხოვრება განვლო და რწმენის საოცარი მაგალითები გვიჩვენა. მხოლოდ ერთს გავიხსენებ, - მოქვისა და ბედიის ეკლესიების გახსნისთვის გაწეული შრომისათვის კომუნისტურმა რეჟიმმა იგი დააპატიმრა და შეურაცხადად გამოაცხადა. გაუძლო ამ განსაცდელს და სხვაც მრავალი გადაიტანა.
აღვავლენთ ლოცვებს მამა იოაკიმეს უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სულიერ შვილებს მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
არქიმანდრიტი იოაკიმე 29 ივლის კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები